пятница, 6 января 2012 г.

2011





     თოთხმეტ იანვარს კიდევ ერთხელ გავაცილებ 2011-ს. ვისურვებ,არასდროს დაბრუნდეს ასეთი სულელური წელი.
იანვარში- სამსახურის ლიკვიდაციის გამო დარდისგან გასიებული დავდიოდი. ჩამშხამდა ყველა ზეიმი. დაიწყო  საშინელი ფინასური კრიზისი.დავრჩი ხუთი საათის ანაზღაურებას+სერტიფიცირებულის დანამატის ამარა.  დაიწყო პილიგრიმობა აიპისთვის ამა ქვეყნის ძლიერ
ა კარზე.  უხალისობა და უპერსპექტივობა. ბერვალში- პილიგრიმობის მეორე სერია(ამჟამად წარმატებული). სირბილი საჯარო რეესტრში, ბანკში, და ა.შ. ფინანსური კრიზისი; წამოვედი აიპიდანაც საკანონმდებლო ჩიხის გამო.
მარტში- დავკარგე კარგი მეგობარი. აღმოვაჩინე, რომ სიყვარულივით მეგობრობაც თურმე შეიძლება იყოს ცალმხრივი. ნუ.. რაღაც ეტაპამდე მაინც. სანამ მეორე მხარეს აღარ დასჭირდება საკუთარი ემოციების შენიღბვა.
სანამ სუბორდინაციის დაცვას არ მოგთხოვს ან შეგახსენებს, რომ მისი კარიერისთვის საფრთხე ხარ.მიზეზს რა დალევს.. ძალიან განვიცადე ეს ამბავი.რაღა დროს ჩემი არჩევანში შეცდომა იყო ყვავის ასაკში. ყველაფერი ეს ფინანსური კრიზისის თანხლებით.
აპრილში- არაფერი ახალი. ფინანსური კრიზისი.
მაისში- არაფერი ახალი.ფინანსური კრიზისი.მქონდა მცდელობა ახლო სკოლაში გადმოსვლის, მაგრამ დირექტორმა კატეგორიული უარი მტკიცა. საკუთარ სკოლაი (სკოლის ,,საკუთრებაში" მიჩნევა მსპობს) დაგაკმაყოფილონ საათებით. როგორც სრეტიფიცირებულს, იძულებული გავხდები მეტი დატვირთვა მოგცე, მე კი ჩემს სკოლაში(მისია სკოლა) ისედაც არ მაკლია კოლეგებისგან უსიამოვნებანიო.
ივნისში-ტრენინგზე ოფლისღვრა(პირდაპირი გაგებით). ფინანსური კრიზისი.
ივლისში- ძმა წავიდა საზღვარგარეთ.სურვილი და მონდომება მისი, ნერვები და ფინანსები-ჩემი. ივლისშივე ემიგრანტის დაბრუნება, რასაც ველოდი კიდეც. ინტუიცია არასდროს მღალატობს, თუ არ ჩავთვლით ზემოთხსენებულ შემთხვევას თებერვალში. მერე მისი ავადმყოფობა და სირბილი საავადმყოფოსა და აფთიაქს შორის. ჰო,კიდევ, უსაქმურობისგან დაწყებითი კლასების მასწავლებლის სასერტიფიკაციო  გამოცდა ვაბარე.
აგვისტო-შედარებით მშვიდი და სასიამოვნი ოყო. ზღვაზე დავისვენე პენსიონერივით. ცოტა აზრზე მოვედი.  გამოცდაზეც მაღალი ქულები მივიღე.აგვისტო ნამდვილად უფრო იღბლიანი იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი.
სექტემბერში  დაიწყო ტრადიციული გაწევა-გამოწევა საათებისთვის. როგორც ორმაგად სერტიფიცირებულს, ამჯერად გვერდი ამიარა სამსახურეობრივი უსიამოვნებების ტალღამ. თუმცა, სანამ მინისტრის ბრძანება მოვიდოდა,მანამ სრულიად არაორაზროვნად და არახუმრობით ,,ამიხსნეს", რომ სერტიფიკატი არანაირ უპირატესობას არ მაძლევს 2014წლამდე და კვლავ 5 საათს უნდა დავჯერდე. სულზე მომისწრო ბრძანება#X- მა.
ოქტომბერში - დასრულდა ფინანსური კრიზისი. სხვა მხრივ არფერი ახალი. რუტინა.
ნოემბერში- პეპი მოკვდა. ჩემი ცისფერთვალა ლაიკა. რაღაც დაავადება შეეყარა. ბეწვი გასცვივდა, მუწუკები გაუჩნდა. ალიკა ექიმის თქმით, კიბო გაუჩნდა. კიბო ძაღლებსაც თუ ემართებოდათ ნამდვილად არ მეგონა. პეპი ჩემი ოჯახის საპატიო და საყვარელი წევრი იყო პერსონალური ექიმით, ჰიგიენისა და კვების პერსონალური საშუალებებით.თითქმის მთელი თვე იავადმყოფა. ვერაფერი ვუშველეთ. ღამის ორ საათზე დაიწყო საცოდავი წკმუტუნი. მივცვივდით. იწვა და ტიროდა. კახას კალთაში ედო მისი თავი და წყვილად ჩამომდინარი ცრემლი ჭეშმარიტად ქართული ცხვირის წვერზე ეკვანძებოდა. მართალი გითხრათ, მეც ბევრი ვიტირე. ასე რომ, ნოემბერმაც ვერ დამამახსოვრა კეთილად თავი.
დეკემბერშიც  არაფერი ახალი. ვიარე ტრენინგზე. კბილების კაწკაწით ვიტმენდი სიცივეს. მერე ავიჩემე ოთახის რემონტი, რამაც ჩემს ფინანსებთან ერტად ნერვებს და ღონეს ბოლო მოუღო.  ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ხელი ვიღრძე. დამეთანხმებით, ვერაა სასიამოვნო შეგრძნება
   აი, ასეთი იყო 2011.  ხომ გჯერეთ, რომ ასეთი წლის დაბრუნებას არასდროს ვინატრებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий