вторник, 26 сентября 2017 г.

ლანდების ამბები

       დრო ყოველთვის გადააფასებს რაღაცებს. მაშინ ასე გეგონა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მთლად ისე არ ყოფილა. ხუნდება მოგონება. იშვიათად, პირვანდელი სიმძაფრით აღიქვა რამე. მხოლოდ ძალიან დიდ ტკივილს ინახავს ტვინი სამუდამოდ და შეუცვლელად და ხანდახან ისეთი რაღაცებიც გვახსოვს, არხსოვნა რომ გულით გვინდა, მაგრამ ვერ ვახერხებთ. სოხუმი არის ჩემთვის ასეთი დიდი და მძაფრი ტკივილი. მუდმივი ტკივილი, ფიზიკური შეგრძნების დონის. მახსოვს იმ ჯოჯოხეთური თვეების ყოველი წამი, წუთი, დღე. შიში, წყურვილი, ტკივილი,დარდი, ამინდი, სუნიც კი. მახსოვს სახეები, სახელები. ზედმეტი და შემაწუხებელია ეს ხსოვნა. არაფერ სასიამოვნოსთან არ ასოცირდება, მაგრამ არ მიდის არსად საკუთარი ლანდივით. ვისწავლე ამასთან ერთად ცხოვრება, ხან მე ვარ მასზე ძლიერი და ხან  ის  მერევა.  

 ინსტიქტი    
  ,,გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" გახსოვთ, ალბათ. ფაშისტების  უმაღლეს  ეშელონებში  ჩანერგილ  რუს  მზვერავსა  და  მის  მეკავშირე  ქალ  კერვინ კედზე. სრულიად  არასაჭირო  ადგილას  და  არასაჭირო  დროს  რომ  შეეძინება  ტყუპები. ფაშსტები  რომ  ეძენებ  ამ  მეკავშირეს  ის  კი   საკანალიზაციო  ჭაში  იმალება. ჭაზე   გერმანელი  ოფიცერი  რომ  დგას.ეს  ბავშვები  რომ  არ  ტირიან და  გადარჩეა  ის  ქალი. მაყურებელთა ემოციების დასამუხტად მოფიქრებული მეგონა ყოველთვის.  სოხუმის  შემდეგ  დავრწმუნდი, რომ  თვითგადარჩენის  ინსტიქტი  მუცლადყოფნიდან  ეძლევა  ადამიანს.  ჩვენც  გადაგვხდა  მსგავსი.  ლევანი ომის  ბავშვი  იყო, გაგანია  სროლებისას  დაბადებული. 20 წლის  დედის, დედაზე  უმცროსი  მამიდების, ბებია-ბაბუისა და  ჩემს იმედად. წარმოიდგინეთ,  მეოთხე სართულზე  კარებჩამოღებული, ჩაბნელებული ვიწრო აბაზანაში  4 დამალული  გოგო, მათ  შორის  ერთი   თავისი რამდენიმე დღის ბიჭით. ჩამოღებულ კართან დგას ჩეჩენი,სუნთქვაც კი გვესმის მისი, ოთახში კაზაკები. ერთი დაჩხავლება პატარასი და განწირული ვიყავით. ან თავიდანვე დებს უზენაესი ადამიანში თვითგადარჩენის ინსტიქტს,ან ძალიან ვუყვარდით ღმერთს. ღმერთს, რადგან კაცი და მშველელი იქ წამლად არ იყო და ვინც იყო   მათი სიგლახე და სიკარგე   მოგვიანებით დაგვანახა. კრინტი არ დაუძრავს პატარას, ხმა არ გაუღია. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ერთმანეთს ჩახუტებულები, მაგრამ ეს ბავშვი რომ ჩვენზე ჩუმად იყო აშკარაა.იმჯერზეც  გადავრჩით.
შენგელიების ამბავი.
შენგელიები მეშვიდეზე ცხოვრობდენ. აფხაზობდნენ. ცოლი რუსი იყო ,გალია, შვილი ირა  -ფიზიკის მასწავლებელი.   ქმარი ომამდე ბოტანიკურის დირექტორი. გვმალავდნენ. როგორც კი სადარბაზოს რკინის კარი გაბრახუნდებოდა, მეოთხედან მეშვიდეზე ავრბოდით. გვერდით ხუთსართულიანში ჩეჩნებს შტაბი ჰქონდათ და მათ გარდა ვინ შეაღებდა დაცარიელებული კორპუსის კარებს? ერთი ასეთი დამალვის დროს მე და შორე  ,,წიოწია " გალიამ საძინებლის ,,მატრასის" ქვეშ დაგვმალა. იცით რას ნიშნავს, როცა საკუთარი გულისცემა ხმაურობს? როცა ბნელში,უჰაერობაში, ერთ პოზაში გაშეშებული უნდა იყო მშიერი, მწყურვალი. ძალიან მრცხვენია, როცა ვიხსენებ, რა გამწარებით ვუჭერდი ხელს ჩემზე უმცროს გოგოს, არ ეტირა, ხმა არ გაეღო და არც სხვა რამე გაებედა, რადგან ეს საცოდავი 17 წლის ბავშვი შიშისას ყოველთვის ტუალეტისკენ გარბოდა. არ ვიცი, რამდენ ხან ვიყავით, გვეძინა თუ გულწასულები ვეყარეთ. მატრასი რომ აწიეს და მეზობელი ქართველის რუსი ცოლი ვიცანი , მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ამჯერადაც გადავრჩით სიკვდილს ან უარესს. დღის 4 საათზე დამალულები საღამოს 6-ზე ამოგვიტანეს, რადგან განძრევის თავი არ გვქონდა. ეს  იყო  მეორე დღის 6 საათი.
იუმორი
დიასახლისის გოგო გულნაზი-გულია   სტომატოლოგიურზე  სწავლობდა  და  ჩვენ  შორის  ყველაზე მყარი ფსიქიკის  იყო. შენს ან შენი ახლობლების მოსაკლავად მოსულ მტერს დაელაპარაკო მშვიდად ალაჰზე, ქრისტეზე, მთვარეზე, ადმიანობაზე და ათას ჭკვიანურ-სულელურზე, მოახერხო გაარიდო სამალავებს და გაუშვა ოდნავ ადმიანობაგაღვიძებული ან ჯადო უნდა გქონდეს ან ჰიპნოზი ან მადლი. ალბათ, მადლი, რადგან ახლა დედაოა ეს გულია. მაგრამ ერთი ასეთი ,,განრიდების" დროს შეეშალა. იყო ასეთი ჩეჩენი ვახა. დაბალი, სასტიკი ადამიანი. რომელსაც გვერდით კორპუსში ავადმყოფ ბებიასთან ჩარჩენილი ქართველი გოგონა შეუყვარდა. მართლა შეუყვარდა, მაგრამ არყოფნის დროს იხსნეს მისი სიყვარულისგან მეზობელმა აფხაზებმა,ადლერში გააქანეს ეს გოგო.. გამწარებული ვახა ანგრევდა და ცხრილავდა ყველაფერს. სიბრაზის მორიგი შემოტევისას ჩვენთანაც შემოვარდა. ვახა ვერც წარმოიდგენდა გაუბედურებული სოხუმის ერთ-ერთ კორპუსში 4 პატარა გოგო თუ იმალებოდა. ჩემ გარდა ყველა გაიქცა . მე ვერ,რადგან წამერთვა ხელ-ფეხი და კომფოტების შესანახ ერთ პატარა ოთახში დანგრეულ ტახტზე დამასვენა დიასახლისმა, იმ იმედით, რომ იქ არასდროს არავინ შესულა. გულიამ კიდევ იმ იმედით, რომ იქ არავინ დახვდებოდა, მორიგი ჰიპნოსეანსისა და ცხოვრების უკუღმართობაზე სასაუბროდ შემოიყვანა ვახა და სიბნელეშიც ვნახე როგორ გაფითრდა
.-Это кто?
-Ой, Ваха, Она студентка, она больная, она контуженная-
აქ ვახას ქართული ნწ,ნწ,ნწწწ-ს მსგავსი ბგერები აღმოხდა.
- бедная ! мучаеться! Давай пристрелю её!
ეგრევე გადამეფარა საწყალი გულია.
- Нет, Не надо! Она сама умрёт!
აჩუქა  ვახამ  გულლიას  ჩემი  თავი.ისევ გადავრჩი. ასეთი სასაცილო ამბებიც იყო.
მამაშვილობის   ამბავი.
კიდევ ერთი არ ამომდის თავიდან. ენგურის ხიდზე გალეულ, გაოფლილ კაცს ზურგით მამა მოჰყავს. მამას ინსულტი აქვს აშკარად. უკანკალებს ხელ-ფეხი და თავი. ეს შვილი, თავადაც ასაკიანი, ოფლში გახვითქული, ძლივს სუნთქავს, მელოტი თავიდან თმები ჩამოწეწია.ნელა მოდის, ზიგზაგით, მაგრამ მამას არ ტოვებს. ეტყობა, დიდ  მანძილზე ატარა და მეტი აღარ შეუძლია. რაღაცას ლუღლუღებს გაურკვევლად მოხუცი.  ეხვეწება,   დასვას და დაანებოს თავი. შვილი საწყლად მიხედავს რამდენადაც შეძლებს, გაჩერდება წახრილი, ხრიალით ჩაისუნთქავს და აგრძელებს გზას. მე მივყვებოდი გვერდით და მეწეწკვებოდა გული. თითქოსდა   უარესი არ მენახა, თითქოს ეს იყო პირველი საცოდაობა ბოლო 3 თვის განმავლობაში.   როცა ამბობენ მამაშვილობის ამბავს, სულ ეს კაცი მახსენდება, ზურგით რომ ატარა ღრმად მოხუცი, ნაინსულტარი, ხელ-ფეხწართმეული მამა და ნაშრომ -ნაჯაფიდან ყველაზე დიდი განძი გამოიტანა სამშვიდობოს-ადამიანობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий