RSS

ურეკი

       საქმე  გახლდათ  ასე:  ავცდით  მე  და  ჩემი  მეგობრები  ერთმანეთს  დროსა  და  სივრცეში, ზღვაზე   წასვლა  კი  ძლიერ  მინდოდა,თან  შვებულებაც  მეწურებოდა  და მივიღე  გადასარევი  გადაწყვეტილება- წავსულიყავი მარტო. მტკიცედ  დავთქვი:  

1. წავიდე ურეკში;

2. არავითარ  შემთხვევაში  არ    მივიღო  ნელიკოს  მიპატიჟება(  დიასახლისია),მოვძებნო  მყუდრო, კომფორტული  სასტუმრო;

3.  არ  ვათუხთუხო  საჭმლები კი  არა  და ...  დღეში  ერთხელ, მსუბუქად, სალათაზე  გადავიდე;

4. ყოველ დილით  6-ზე(ნამეტანია) 7-ზე(ოოოუუ!) 8-ზე (უეჭველი )  წამოვხტე  და  ვირბინო  პლაჟზე  მინიმუმ  1  საათი;
5.  დავისვენო  პესიონერივით, წყნარად, მშვიდად!

6.  გავხდე, გავხდე, გავხდე!

     თუ  გავითვალისწინებთ     კულინარიაში  ჩემს  სრულ  უნიჭობასა  და  სიზარმაცეს, ასევე, ხსენებულ  ქალბატონთან  ურთიერთობის  პრაქტიკას,   პუნქტი  #1-ის, #2-ის   #3-ის პირველი ნაწილის (ჭამა  მიყვარს   და  მთლად  ბალახობა  არ  გამომივიდოდა  ) და #5-ის   შესრულება  ეჭვს  არ  იწვევდა.  აი,  პუნქტი #4 და  #6  კი  იყო  საძნელო, კვლავაც და   კვლავაც  ხსენებული  სიზარმაცის  გამო.
 დიდხანს  არც  მიფიქრია და  ძალიანაც  კარგად  მოვიქეცი. აბარგებიდან 40 წუთში  ფოთში  ვიყავი, იქიდან  ურეკამდე  კი  სულ  რაღაც  18 კილომეტრია. გზა  კარგი, ,,მარშუტკა"და  ხალისიანი  მძღოლი-უკეთესი. მაგრამ  ,,კაცი  ბჭობდა  და  ღმერთი  იცინოდაო"  ამის  პირველმა მთქმელმა  ალბათ  წინასწარმეტყველური  ალღოთი  იცოდა   ჩემი  და  ნელიკოს  ,,საკურორტო  რომანის" შესახებ  და  თხზა  ანდაზა  იგი.  ამაზე  ცოტა  ქვემოთ.  ახლა  ურეკზე.
       ურეკი  ზღვისპირა  დაბაა,  მაგნიტური  ველის  შემცველი ქვიშიანი  პლაჟით  და  სუფთა  ზღვით.

     ეს მაგნიტური  ქვიშა  სასიკეთოდ  მოქმედებს  ბევრ ავადმყოფობაზე,  განსაკუთრებით  კარგია  პატარებისთვის, ამიტომ   აქ  თითო  დამსვენებელზე  მინიმუმ  ორი  ბავშვი  მოდის!
    კი, ურეკი  ნამდვილად  საოჯახო  კურორტია. აქ  საქართველოს  ყველა  კუთხიდან კი  არა  და  კავკასიის  ყველა  ქვეყნის  ყველა  კუთხიდან  ჩამოჰყავთ ბავშვები  და  ფლავენ  მის ადგილობრივების  მიერ   მაგნეტოდ  წოდებულ  ქვიშაში,  დედაბუნების  სასწაულით  რომ  გაჟღინთონ  ნორჩი  სხეულები  და  არა   მარტო  მათი.  ამიტომ,  აქ   იხილავთ თითქმის  ყველა  კავკასიურ  ენაზე  ამეტყველებულ  დედიკო-მამიკოებს  და  არც თუ ისე  იშვიათად   პრეისტორიულ  ,,კუპალნიკებში"  გამოკვართულ ბებია-ბაბუებსაც.  განსაკუთრებით   მრავლად  არიან  დამსვენებლები    მეზობელი  სომხეთიდან.


   ერთი  კარგი  ჯვარი  და ერთი პატრული  ხომ  უნდა  იყოს  პლაჟზე,  კი  უნდა  იყოს!  ჰოდა  არის! ეს ჯვარი


ეს  კი  პატრული. 

         სასწრაფო  დახმარებაც  სადღაც  აქვეა. საშველი  ნელიკოს  მდგმურ  ლევანის  გარდა  არც  არავინ  მინახავს  და ვერაფერს  ვიტყვი  მათ  ოპერატიულობასა  და  გულისხმიერობაზე.  ლევანს  წყალქვეშ  ძალიან  მონდომებული  ვირაჟისას  ქვიშა  ჩაეყარა  თვალში     და  სასწრაფოდ  სასწრაფოსკენ  გაქცეულს  ექიმმა   პირველადი  დახმარებისთვის  შეკვეთილში  ურჩია  წასვლა.  საბედნიეროდ  არ  დასჭირდა, 40 თეთრიანი  ლევომიცეტინის  ხსნარით  ქვიშის  მარცვალი  წარმატებით  ამოვურეცხეთ  თვალიდან. ამოვურეცხეთ რა,  თვითონ  უშველა  თავს. ჩვენ    დავაკვალიანეთ,რითი  ეშველა.  რატომ  დაეზარა  ეს  ამბავი  იმ  ექიმს, ვერ  გეტყვით  ვერაფრით.  არ ევასა  ჩვენი  კაზანოვას  ბიძაშვილი  აშკარად.

        განსაკუთრებით  ლამაზია  ურეკის  ზღვისპირა  ფიჭვნარი,სადაც  გაუსაძლის  სიცხეშიც კი  სასიამოვნოდ  გრილა  ბრიზის  წყალობით.  შაბათ-კვირას  მანქანებით ივსება იქურობა  და  არც  სხვა  დღეებშია  სიხალვათე.

      

          მათი  წასვლის  შემდეგ  ზღვიდან  მობერილი ნიავი  ნება-ნება  დააფრიალებს   ერთჯერად  პარკებს, ქაღალდის ხელსახოცებს. მინდორი  კი  სავსეა  დაცლილი  ბოთლებით,  მენიუს  ნამუსრევით. აბა, რა! ,,უკან  რჩეს  კვალი,  განათლებული!"



































     ბუნგალოს  გვერდით  მაშველების  კოშკია. მაშველებს  სკუტერიც  ჰყავთ  და უფრო  იმით      დაქრიან. პირადად მე ისინი  ზღვის  მზვერავად კოშკზე  ასული     არ  მინახავს.  ან  რა  დაზვერვა  უნდა,  შტორმი  და  გრიგალი  აქ  არ  იცის, კატრანი  კი  მოდელირებული  ზვიგენი  უფროა  და  არც  ნაპირთან   ტრიალი  უყვარს  მაინცდამაინც.  ასე  რომ, მაშველებს, მადლობა  ღმერთს,  საქმე  ცოტა  ჰქონდათ. ჩვენი  იქ  ყოფნის  განმავლობაში  მაინც.  ერთ  მათგანს  ვიცნობდი კიდევაც.   ბობ  მარლის  ვეძახდით ხვეული  თმებისა  და  კანის  ფერის  გამო . თავიდან  კი  გააპროტესტა, მაგრამ  მერე შეიფერა.  შარშანდელ  ამბავს  ვყვები.  წელს  ვერ  ვნახე.  ცოლი  შეურთავს  და წასულა  ამ  მშვენიერი  დაბიდან.  თუ ხშირად  დაისვენებთ  ერთსა  და იმავე ადგილას, მსგავს  ინფორმაციას  ხალისით მოგაწვდიან  ძველი  ნაცნობები: მაღაზიის  გამყიდვლები,  მეზობლები  და  ა.შ.


      პლაჟს  ყოველ  დილით  ალაგებენ.   #3  ტერიტორიას  განაგებს  დასუფთავების  კაცი  ომარა  და  კიდევ  ერთი, კვადროციკლით, რომელმაც  ცოცხალი  თავით  არ ისურვა  სურათის  გადაღება. ომარა   კი  პოზიორობდა  სიამოვნებით  და  ფრიად  აღფრთოვანდა  ინტერნეტში  მოხვედრის  პერსპექტივით, მაგრამ,  სამწუხაროდ,  ნეტკაფეში  მოკლეს ჩემი  ფოტოაპარატის  ჩიპი  და  ზედ  ფლეშკაც  მიმიყოლეს.  ასე   რომ,  დავრჩი   ომარასთან  პირშავად.

     კი  ალაგებენ, მაგრამ ყოველი თუ  არა  ყოველი  მე-2  დამსვენებელი  თავს  ვალდებულად  თვლის  საქმე  არ  გამოულიოს  დასუფთავების  ხალხს.   აჰ,  ვერ  ისწავლა  ხალხმა  მიზანში  სროლა!  ამიტომ    ყუთების  ირგვლივ  ისეა  მილაგებული  ნაგავი, როგორც  გვირგვინები     ლენინის  ძეგლთან. ზოგიერთი, უფრო მოხერხებული, პირდაპირ  ქვიშაში  ფლავს  მუსრგავლებული  ჭყინტი  სიმინდის  ნარჩენს.  ამათ  რა ომარა  ეყოფათ.


    პლაჟზე   შეიძლება  ფრენბურთითაც  გაერთო. გუნდის  შედგენა  არ  არის ძნელი. ყოველთვის  მოიძებნება   საკუთარ  სპორტულ  უპირატესობაში   დარწმუნებული   5-6  კაცი. 



     ფიჭვნარში  ცხენიან  კაცებსაც შეხვდებით. გასეირნება  15 წუთი  3 ლარი. ერთი  ნამეტნავად  კრეატიული  იყო, შორტ-მაისურზე   მოსხმული  შავი მოსასხამით, ზოროს  ნიღბითა  და  ქუდით.  აბორიგენი  ზორო! პლაჟზე  ყველა ბავშვს  მასთან  უნდოდა  სურათის  გადაღებაც  და  სეირნობაც.  სამწუხაროდ,   მისი  სურათიც  შეიწირა ვირუსიანმა  კომპიუტერმა.



    ხეზე  მიკრული  განცხადება გვამცნობს    უკრაინიდან  ჩამოსული  ვინმე  ლარისა  მასაჟისტის  შესახებ. ასეთ   განცხადებებს  აქ  ყველგან  შეხვდებით, კედლებზეც, ღობეებზეც. 




    რადგან   დამსვენებელთა  უმრავლესობა  სომხეთიდან  და  აზერბაიჯანიდანაა, გასაგებია  რატომ  რუსულენოვანი  ტექსტი.


   მოკლედ,   ურეკს   დამსვენებელი  არ  აკლია.  აქ ქირავდება  ყველა   სახლის   ყველა  ოთახი. არის  ფეშენებელური  სასტუმროები, სოლიდური  ფინანსების  პატრონებისთვის,  კარგებიც  და   საშუალოებიც, მაგრამ   არც ერთში  არ  აქვთ  ნომერი  ერთისთვის. მინიმუმ ორადგილიანებია. ორივეს  ნაცვლად  გადაიხადე  და  იკოტრიალე! რაც, მე  უსამართლობად  მიმაჩნია.       ფეშენში  რას გავწვდებოდი  და   კარგებში   ადგილი  არ  იყო  ა რ ს ა დ! რომ დავიღალე  და სულ  ერთი  რომ  გახდა  ყველაფერი, სანაპიროს #9 გავიხსენე და ნელიკოსკენ   მისჯილის  ნაბიჯებით  გავემართე.

     ჩახუტებებისა  და   მოკითხვობიის შემდეგ  გამამწესა ნელიკომ  ოთახსა  შინა  საერთო  სააბაზანოთი (წყალს  პრინციპულად არ  ათბობდა)    და  ტუალეტ სამზარე-ულოთი.  ჩემნაირი  ბევრი   ჰყავდა. დაახლოებით 60 ადამიანი.

     ახლო  ოთახების  ხალხი  აღმოჩნდა  დიდებული;
უნდა  ვაღიარო, რომ  ასეთ  შესანიშნავ  ადამიანებთან ერთად  ჯერ  არ  დამისვენია.

     როგორც  აღვნიშნე,აქ   ქირავდება  ყველა  სახლი.  ასეთი:





 ასეთი:


 

 

 
ასეთი:


ასეთიც:




ასეთიც:












ამ  ლამაზი  ბაღით  ნამდვილად  მოვიხიბლე, მაგრამ მხოლოდ  მანსარდაზე  ჰქონდათ  თავისუ-ფალი  და  თონესავით  გახურებუ-ლი  ოთახი.















ძალიან      სასიამოვნო   კია  ამ    ბაღში    კოლექტიური              ,, კოფეპიწიე"



      ეს  ზედ  ზღვის  ნაპირასაა  და    კივის   გასაოცარი     ხეივანი  აქვს









   თეფშთამმუსვრელებს   აქეთ   არ   ჩამოუვლიათ





             მთელი  ურეკი  ერთი, უზარმაზარი  ჰოსტელია.


ეს   ცენტრალური  ქუჩაა. დიდებული  კაცის, ექვთიმე  თაყაიშვილის  სახელობის

ეს  კი რესტორანი ,,საზანდარი"   ძალიან ორიგინალურად

გადაწყვეტილი

მშვენიერი, ტრადიციული სამზარეულოთი და  არც  ისეთი  საშინელება  ფასებით, როგორსაც  ველოდი.    

აქ  რეგულარულად  ზრუნავდნენ  ჩემს  დანაყრებაზე,   რამაც    დაგაგეგმილი  პუნქტი #6 შეუსრულებელ  მისიად  აქცია.


 ჩემი  ჰოსტელი    ამ  რესტორნის  უკანაა.




სადგური
       თუ ათვლის  წერტილად   ცენტრალური  გზიდან  ურეკის გადასახევს მივიჩნევთ, მაშინ ავტოსადგური  დაბის  ბოლოში  გამოდის. გზა ზღვის  გასწვრივაა. გაივლი  ამ  მთავარ  ქუჩას  დასაწყისიდან ბოლომდე  და    ეგეც  შენი  ურეკი.  თუ  ჩემსავით  ფოთი  იყო თქვენი   დისლოკაციის  ბოლო  ადგილი, გადასახვევთან  მოგიწევთ  დალოდება  ტენტით  გადახურული ავტობუსისა.  აქედან ის წაგიყვანთ. მგზავრობა  სულ  რაღაც   50  თეთრი. უნდა  ვაღიარო, რომ  ძალიან  მომწონს  აქაურობისთვის   ზედგამოჭრილი   ეს  ტრანსპორტი.  მატარებლის  სადგურიც  დაბის  გადასახვევთანაა. 



ბაზარი
      ურეკის   დასაწყისშიცაა   და  ბოლოშიც.  როგორც  მოსალოდნელი  იყო,  სიძვირეა.  იყიდება  ყველაფერი,   პროდუქტებიდან  დაწყებული,  მძივ-სამაჯურის  ჩათვლით.















 რა  თქმა  უნდა ,  დიდი  გასავალი  აქვს საზღვაო   აქსესუარებს  .

                                                  კვება
        თითქმის  ყოველ  ფეხის  ნაბიჯზეა  კაფე-ბარები  და  რეტორნები.სადაც,  ფასის  მიუხედავად, საღამოს  ადგილს  ვერ  იპოვი. კერძები  ძირითადად  ტრადიციული   და გემრიელია. მომსახურებასაც   არა  უშავს. კონკურენციამ  რაღაცები  მართლა   ასწავლა  ხალხს. მარკეტებშიც  ყველაფერს  იშოვით, ძვირად,მაგრამ დეფიციტური  არაფერია. 
      აჰ,რა მავიწყდებოდა...  შეიძლება  არც  დაგჭირდეთ  მარკეტში გასვლა. დილიდანვე  პირდაპირ  ეზოში  მოგართმევენ  ნაირ-ნაირ  ტკბილეულობასა  და  ხილს, რძეს, მაწონს, ყველს, ბოსტნეულს.  თანხის  რა  მოგახსენოთ, მაგრამ დაზოგავ  დროსა  და  ენერგიას.  მყიდველიც  მოგებულია  და  გამყიდველიც.  ესეც  კონკურენცია  მარკეტებს. 














გართობა

    ურეკში  ძირითადად  ღამე  ერთობა  ხალხი.  დღისით  მზეზე   იხრუკებიან,   სიესტიას    იძინებენ    საკუთარ  ნომრებში   ან   ფიჭვნარში.  შუადღისას  მხოლოდ  რუჯისთვის  თავგანწირულები  რჩებიან   პლაჟზე.



     გართობა  შეიძლება  ყველგან  და  ყველანაირად. თითქმის  მიჯრით  არსებულ  კაფე-ბარებსა და რესტორნებში  საღამოხანს  ადგილს  იოლად  ვერ  იშოვი.  თითოეულ  მათგანს  საკუთარი  ბენდი  ჰყავს. ძირითადად  ქართულ-სომხურ  სუფრულებს უბერავენ.  


   მაგრამ  ეს  მხოლოდ  თორმეტ  საათამდე.  მერე  იკრძალება   დაკვრა.  ასე  რომ, საკუთარი   დისკო მონაცემები  მხოლოდ  შუაღამემდე  შეგიძლია  განავითარო.  მხიარულება   დილამდე   გრძელდება, მაგრამ  უმუსიკოდ. სადაური  კანონია  და  აქაური!- ასე  იტყოდა  ასინეთა  კუდიანი, ალბათ! 

პრობლემა #1:
    ძნელი  წარმოსადგენია  და  დენის  ხშირი  გამორთვა.  კვირაში  3  დღე  საღამოს  ექვსიდან  ღამის 2 -3  საათამდე  მხოლოდ  ბუნებრივი   განათების  იმედზე  არსებობას, ალბათ,  უშუქობა  ჰქვია, დამეთანხმება  ,, გვარს არ  დავასახელებ   და   ჩვენი    კოლმეურნეობის  თავმჯდომარეც".



ეს  ურეკის  მთვარეა.  ჩვენი  ერთადერთი  მშველელი    შუქის  მორიგი  გამორთვის დროს.  

   ხელსაყრელი  ეს  ამბავი  მხოლოდ  ნელიკოსთვის  გახლდათ.  ,,ნელი,ჩართე  ატმორი, ცივია  წყალი!  ნელი,გამოუშვი  ცხელი  წყალი, გამიცივდა  ბავშვი!" -აბანოდან  გამოვარდნილი  გასაპნული  მოქალაქეების შეძახილზე  ,,მე  რა  გიყო, გენაცვალე, არაა დენი!"-შესძახებდა  ასევე  მჭექარედ  და  კმაყოფილების  ნათელი  გადაეფინებოდა  მკაცრ შუბლზე. გულში  კი   დიდ  მადლობას  უთვლიდა  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტს  დენის  გადასახადზე  ეკონომიის  შესაძლებლობისთვის.  უნდა  მოგახსენოთ, რომ ეს  უკანასკნელი ჩვენი, ნელის 2012 წლის  არადადებითი  დამსვენებლების  სოლიდური  ჯგუფის  კოლექტიური ვარაუდი  გახლდათ  და  არც თუ  უსაფუძვლო. ნელიკო შუადღისას  წყალს  არ  ათბობდა, იმავე  ეკონომიის  მიზნით. ზედა  სართულის  დამსვენებლებს  უკრძალავდა  ქვედა  სართულზე  არსებულ  აბაზანაში  და  ტუალეტში  შესვლას. გიჭირს?  მოითმინე  გენაცვალე  და  ჩადექი  რიგში. შინაგანაწესი   შინაგანაწესია  და  აქ  კანონებს  ნელიკო ადგენს. მართლია  დაწერილი  არ  არსებობს, მაგრამ  ნ.გ. დღე-ღამის განმავლობაში იმდენჯერ  ახსენებდა  აკრძალვებს    მჭექარე  ხმით  თავის  უზნიკებს (ესეც  არადადებითი  ადამიანების ტერმინია),რომ  წესით  უნდა  დაგხსომებოდა.  წესების  დარღვევას  კი ცერბერი  უფრო  დაუშვებდა, ვიდრე  ხსენებული  ქალბატონი. ამ პოსტის  ავტორს  არაერთხელ  შეახსენეს მაცივრით  სარგებლობის  ოქროს  წესი: ზედა  სართულზე  პრეისტორიულ  მაცივარ  ,,ორსკში"   თუ  ადგილი  არაა, მოითმინე, დაუდარაჯდი, ვინმე  რამეს  გამოიტანს  და  გამოთავისუფლებული  ადგილი  გამოიყენე. სამზარეულოს  მაცივარი  არ  გამოიყენო. წადი  დაწექი, წადი  ზღვაზე, ოთახში  ნუ  რჩები ა.შ.  ყოფილა  შემთხვევა  მძინარეც  შეუმოწმებია  უპარდონოდ.  ამ  წესების გამო  ხშირად  ჰქონდა  ამო  საუბრები დიასახლისს საკუთარ  მოაგარაკეებთან. მაგრამ  მას  ჩვენ  ვჭირდებოდით (24 საათის  განმავლობაში მუქთა  შემოსავლად 600ლარი ცოტა  არაა, არ  ემეტებოდა საკუთარი  ფინანსები)  და  ჩვენ  -ის .როგორც  გითხარით, ზაფხულის  გარკვეულ  მონაკვეთში  იოლად  ვერ  იშოვი ბინას.
    პრობლემებზე  ვსაუბრობდით  და  სიტყვამ მოიტანა თორემ  პრობლემა #2  ნელიკო  არ არის.  პრობლემა არის  უგზობა.  შიდა  ოღრო-ჩოღრო  გზა  ხანმოკლე  წვიმის  შემდეგ  ასე  გამოიყურება
წვიმა  კი  ზღვისპირა  ქალაქში  იშვიათობა არ გახლავთ. შესაბამისად,   აკრობატის  მოხერხებულობა  გჭირდება  გუბეების  გადასავლებად, განსაკუთრებით კი  ღამით. რადგან   
 პრობლემა #3  -    არ არის გარე  განათება (ბულვარს  არ  ვგულისხმობ).    გვიან  ღამით  სეირნობიდან  დაბრუნებილი  მეაგარაკეები, სანთებელებით  და ტელეფონების  შუქით  იკვლევენ  გზას.  ან   სულაც  დალოცვილი  მთვარის  იმედზე  არიან.

პრობლემა #4- კანალიზაციის  არარსებობა.  ერთი  მხრივ  ეს  კარგია, რადგან სადაც  კანალიზაცია  გააკეთეს, თითქმის  ყველგან  ზღვისკენ  უქნეს  პირი. უკანალიზაციო  ურეკში კია ზღვა  სუფთაა, მაგრამ   ზოგიერთი  სახლის მიმდებარე  ტერიტორია  ასე  გამოიყურება  ზაფხულის პაპანაქებაშიც.  



პრობლემა #5 -ინტერნეტი
არა, ინტერნეტი  არის.  ფეშენ  სასტუმროებსა და  ხანდახან  კარგებსაც  აქვთ WI-FI. მაგრამ  დამსვენებელთა  მეტი  ნაწილი  მოკლებულია  კომუნიკაციის  ამ  წყაროს.   კაფე  სწორედაც  რომ  არის, ყველაზე  გამოსაჩენ  ადგილას, მაგრამ  რად  გინდა! ჩიპების  მკვლელი, ვირუსიანი კომპებით, ნელი, ბოდიალა   ინტენეტით  და  ბრაზიანი  მომსახურე  პერსონალით.  სიძვირის  და  დისკომფორტის  მიუხედავად (საათი  3  ლარი) ხალხი  აქაც  მრავლადაა. ძირითადად  ქაუნთერისა  და  ოდნოს  მომხმარებლები.  როგორ  და  რა  მანქანებით ახერხებენ ან ერთ ან  მეორეს, წარმოდგენა  არ  მაქვს.  


 დაიმახსოვრეთ:    სამყაროს   გადარჩენა   თქვენს      ერთ      მეილზე     რომ     იყოს   დამოკიდებული, თქვენ     მას    აქ    ვერ  გადაარჩენთ!




    უკმაყოფილების  გამოთქმას  კი   მისი  მფლობელი  ჯეელი  არანაირად არ  დაგანებებთ.
   თუ 25წუთი(!) ამაოდ  ელოდეთ  ფოსტის  გახსნას, ჩაატარეთ  გადატვირთვა-გამორთვა-ჩართვის   ნერვებისდამაწიწკნი  ოპერაციები, ამასობაში  თქვენმა  ფლეშკამაც  განუტევა  ყოვლისმცოდნე  სული  და  თუ  საკუთარი   გულუბრყვილობით  წინასწარგადახდილი თანხის  დაბრუნებას  მოითხოვთ ,  რაღა  ის  ჯეელი  და  რაღა  შარხანი  ჯუნგლებში.
   

 სხვა მხრივ  ურეკი  მშვენიერი  დასასვენებლი  ადგილია    ყველნაირი შეძლების  ადამიანებისთვის.

დიდი ვერაფერი  ფოტოგრაფი  ვარ, მაგრამ  ცისარტყელა  მოვიხელთე. თქვენც  ხედავთ?

    მთავარი  პარკი  ყველაზე  ხალხმრავალია  ღამით
. რომ  იტყვიან, ფეხისდასადგმელი  ადგილი  არაა. მწირი  ფინანსებით  ბავშვები  აქ  არ  მოიყვანოთ  და  ნერვები  არ  გაუფუჭოთ.  მათ  გართობასა  და თქვენი  ჯიბის  დაცარიელებაზე  ზრუნავს  მრავალი    ატრაქციონი  .















ურეკში ჩემი  დაკვირვებით  ყოველდღიურად  ტონა  მზესუმზირა  მიირთმევა. რომლის მოწოდებაზეც   ეს  სანდომიანი  და  კეთილი  ქალბატონებიც  ირჯებიან. 







იცანით  არა? მისტერ და მისის  სმიტები  ტირში  გეპატიჟებიან.




ბოლოს  არ  შემეძლია  ჩემი  მეზობელი  ლელუკა  და  თურანი  არ  გაგაცნოთ.  ლელუკა  კვენიაშვილი  თბილისელია  და  წარმოუდგენლად  პრანჭია, თურანი კი ბაქოდანაა.  თურანს  რატომღაც  მოვეწონე. ეჭვი  მაქვს, რომ  ვაშლებმა  და  ქლიავმა  დიდი  წვლილი შეიტანა  ამ  ამბავში. დამყვებოდა  კუდში   და  ჩემთვის  გაუგებარ  ენაზე  ,,პიპის  თუ  ფიფის" მეძახდა  დაჟინებით. რამდენჯერ  მითხრა, იმდენჯერ ტუალეტთან    მივიყვანე.   უკან  გამორბოდა  გაკვირვებული. მერე  დედამისმა  სიცილით  ამიხსნა ,,წიოწიას" გეძახისო. ასე   შევრცხვი  თურანთან.



ნახეთ, რა  საოცარი  სახე აქვს. მაგიჟებდა  ეს  ბავშვი. 





ეს  თურანია



ეს კი  სხვადასხვა  დროს  სხვადასხვა  ხასიათზე  გადაღებული  ფოტოები:
























აქ დილის  8 საათია. როგორც  ხედავთ  არაჩვეულებრივი  ამინდი  და  მშვიდი  ზღვაა. გადავიფიქრე  სირბილი. მალე  გადავეშვები  და  ნაღრძობი  კოჭის  მიუხედავად  ბუის   გავცდები. უცნაური  ის  არის, რომ  სიარულისას არა და    ცურვისას  მტკივა, მაგრამ  საკმარისია  ზღვა   ვნახო  და  კონტროლს  ვკარგავ.  ცურვა  სიამოვნებაა, უდიდესი  სიამოვნება. ამაზე  უარს ვერ  ვიტყვი.






ერთი  მათგანი  ჯონათან  ლივინგსტონია



ეს კი  წვიმის  წვეთებია. ასე აღიქვა  ჩემმა  NIKON-მა.


წამოსვლის  წინა  დღეს  მაგრად  გაწვიმდა. ერთიანად  გავილუმპე. ნაწილობრივ  ამის  და  ნაწილობრივ  ცივი  შხაპების  გამო  ისეთი  მამალი  გრიპი  ჩამოვიტანე, ბაბანება ყინვაში  რომ  არ  შემყრია.













აი, ასეთი  არის  ჩვეულებრივი  ურეკი. ძალიან  სუფთა  ზღვითა და  სასარგებლო  პლაჟით, დღითა  და  ღამით, კარგით  და  ცუდით.უფრო  კარგით.   მიყვარს  ეს  დაბა. თუ  ვინმე  ორჭოფობს და ვერ  გადაუწყვეტია  წავიდეს თუ  არა,  გულწრფელად ვურჩევ  იქ  დასვენებას.  

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS