RSS

ჯოი თუ სიზიფე?

 
    არ  ვიცი რატომ, მაგრამ  უკვე  დიდ  სისულელედ  მიამაჩნია  ეს  ბლოგომანია  და  ა.შ. იშვიათად  ვარ  საკუთარ  თავთან ამ  ფორმით  ურთიერთობის  მომხრე. ფიქრში  რომ აკეთებ  ამას სხვაა  და  რომ  გამოკიდებ  სარეცხის  თოკზე  გაფენილი  თეთრეულივით-სხვა..  რომ  ვაკვირდები, ადრე  უფრო  მხიარული და  სახალისო ამბებზე  მეწერებოდა. ამბებზე  რა.. რომელი ამბის  მწერალი  მე  ვარ. ვიხსენებდი  რა  როგორ  იყო. ვხალისობდი  საკუთარ  წარსულზე.
    არ  მეხალისება  არანაირად.  ერთ  ფილმზე  უნდა  მოგიყვეთ. უფრო  სწორად,  ფილმზე  კი  არა, განცდაზე, რომელიც  დამრჩა. ოჰ, არა. ფილმი  რა  შუაშია. განცდა  მქონდა. ფილმმა  მხოლოდ გამიმძაფრა. ცოტა საკუთარ  თავთან  ასოციაციობანას  თამაშს  ჰგავს,ეს  ყველაფერი. სწორედ  ისე, ჩემი მოსწები  რომ  მისხდებიან   და  თამაშობენ ე.წ.,,ნამიოკობანას", მაგრამ  რაღას  გავაწყობ  საკუთარ  თავთან. იმდენ რამეს  აკონტროლებ  და  ზომავ-წონი, აღარ  გინდება  ფიქრისა  და  მისი   მიხვეულ-მოხვეულების  გამართვა-გაშალაშინება. მე  აღარ  მინდება, ჩემზეა  აქ  საუბარი.

      მოკლედ, არის  ერთი  გოგო, ჯოი. ამერიკელია,სრულიად არაამერიკული პრობლემებით. ძალიან  კი  ვიცი  ახლა  მე  ამერიკული  და  არაამერიკული  პრობლემები, მაგრამ  მისი  ცხოვრება  იმდენად  ჰგავს  ჩემ  ირგვლივ   არსებულ რეალობას, დავიჯერო , ახდენილი  ოცნებების  ქვეყანაშიც იგივე  ხდება?  რომ   გიწევს  ატანა  და გაძლება   2  ბავშვის, გაშორებული  და  მაინც  შენთან  მცხოვრები ქმრის,სერიალებს  მიჯაჭვული  დედის, ეგოისტი  დის, ფუქსავატი  მამის, ოჯახური  დრამის.  სამსახურის, სადაც ყურებამდე  გაღიმებული  უნდა  იყო, როცა  ტირილის  გუნებაზე  ხარ, ვალების, ბანკის კრედიტის,გაჭედილი  კანალიზაციის, მორყეული აივნის, უპერსპექტივობის, უიმედობის. დავიჯერო, ამერიკაშიც  ასე  ხდება. რა გამოდის, ეს  ქართული  რეალობა  სულაც  არაა  საკუთრივ ქართული  და  დიდი  შესაძლებლობის  ქვეყნებშიც  იგივეა? ალბათ, კი. ჩვეულებრივ ადამიანებს  ყველაგან ერთნაირი  პრობლემები აქვთ  და  ყველგან  ერთნაირად  დაუნდობლად  გექცევა   ყველა, ვისაც  არ ეზარება, ბიზნესპარტნიორიდან  დაწყებული, საკუთარი  ოჯახით დამთავრებული. წარმატება  სისხლის  ფასი  ღირს.
     ამ  ჯოიმ, ამ  გოგომ, უარი  ოჯახის  გამო  თქვა  მომავალზე.  აქეთ  ქმარსგაშორებულ  დედას  მარტო  ვეღარ  დატოვებდა,იქით  მამას  მორიგი  საყვარელი  მოისვრიდა  და  ისევ  ამის  საპატრონო  იყო. მერე თვითონაც  გაშორდა  ქმარს. მხოლოდ ბებიას  სჯერა  მისი  და  როცა  მისგან  შეგულიანებულმა  დაიწყო  ფიქრი  საკუთარი  გამოგონების  რეალიზებაზე, კიდევ  უფრო  წაუჭირა  ცხოვრებამ  ყელში. რაც  უფრო  მეტს  შრომობს  და  წვალობს, მით მეტად   უცრუვდება  იმედიც და  ეფლობა  კრედიტების  ჭაობში. დამთავრების  შემდეგ  აღმოვაჩინე, ბიოგრაფიული  ყოფილა.  ქალზე, რომელიც  ძალიან   გამდიდრდა  ძალიან ბანალური  ნივთის  წყალობით.  აბა, რომელი  ჩვენგანი  იფიქრებს, რომ  იატაკის  საწმენდი  ჯოხი ასეთი მნიშვნელოვანი  ნივთია, რომ  მისი  წყალობით  შეიძლება  წარმატებული  ბიზნეს ლედიც   კი  გახდე.  არავინ. აქ -არავინ. ჩვენს  წილხვედრში   იატაკის  საწმენდი  კი  კოლაიდერის  იდეაც  არ  ფასობს.  ფილმი  მთავრდება  კარგად  და მარტო  იდეისა  და  შრომის  ფასად არ  მოსულა  ჯოისთან  წარმატება, ვთქვი ზევით,  სისხლის  ფასი  დაუჯდა, მაგრამ  მიაღწია.ეს  არის  ფილმი  ქალზე, რომელმაც ცხოვრების  გამოწვევა  მიიღო  და  და აჯობა  ამ  გამოწვევას.
 
    ჰოდა, იმას  ვამბობ, რომ  რა  ნაცნობი  პერსონაჟია  ეს  ჯოი. რეალობაც  რა  ნაცნობია. პერსპექტივა  არაა  ჩვენებური მხოლოდ.  სულ  წვალებაში  ხარ ადამიანი, სულ  რაღაცას  იგონებ.  ბაც,  და აღმოჩნდება, რომ  არც შენ  აინტერესებ  ვინმეს  და  არც  ის, რისთვისაც  გიწვალია  და  გიშრომია. არადა, ღირებულია  ყველაფერი  და  ხანდახან  ის  გიწუნებს და  გიშლის  ხელს, თითი  რომ  არ გაუნძრევია თავად ან სადღაც  რაღაც   ხვრელით  წინ  გამძრალა  შურის  საძიებლად, საკუთარი  უბადრუკობის   გასამართლებლად.. აი  ასე  ხდება  რეალობაში,  ჩვენს  რეალობაში.  ამიტომ  ხშირად სიზიფე  უფრო  ხარ. ან  განცდა  გაქვს  სიზიფესი.
           სიზიფე  ცბიერი  კაცი  იყო. ღმერთებს  ატყუებდა.
 მდინარის  ღმერთ  ასონს  ზევსის  საიდუმლო  მიჰყიდა, სანაცვლოდ, ხრიოკი კორინთო  მდინარეებით  გაამდიდრა. მერე სიკვდილის  ღმერთიც  მოატყუა  და  საიქიოდან  მობრუნდა.  ერთგვარი  ანარქისტი  იყო  სიზიფე, სულ  ფეხებზე  ეკიდა  ღმერთები  და  მათი  კანონები. დასაჯეს  ღმერთებმა. ძლიერთა   გაცუცურაკება  მითებშიც   არ შერჩენია  არავის.  წაიყვანა  თანატოსმა  და  მის სამეუფოში  კორინთოს  მეფეს  უზარმაზარი  ლოდის  კლდის  ქიმზე  მიემაგრება მიესაჯა. ჰოდა,   ააქვს  სიზიფეს  ეს  ლოდი  ქიმზე, მაგრამ   ყოველ  ჯერზე უცურდება.  უანყოფოა  მისი შრომაც  და მცდელობაც.  ძნელია  სიზიფეობა, მით უფრო, ნებაყოფლობით. ცხოვრებაში  კი  არა  ამის  მითოლოგიაში  მიღება-დაშვება  უჭირს  თანამედროვე  ადამიანს. ვერანაირად   ვერ ეგუება  ერთი  ხელის მოსმით  რომ  ესპობა   ნაამაგარი. უსამართლობაა  ეს.  ამ  განცდამ   დაბადა, ალბათ, მარსელ ჯენკოვიჩის  ახალი  სიზიფე, კაცი, რომელმაც ლოდებისგან  კლდე   ააშენა, ჯიბრზე, ყველა  ღმერთისა  თუ   წინწასული  მედროვის  ჯიბრზე.
       რას  გაიგებთ  ჩემი  ფიქრების  ლაბირინთებს, მე თვითონ  მიჭირს  ხანდახან,მაგრამ  ასე  ჰგავს  ეს  ფილმიც  და  ეს  ანიმაციაც  დღევანდელ  ჩემს   რეალობას, ტელეპათია  ხომ  არ  სჭირს- მეთქი დროსა  და სივრცეში  დაშორებულ  ადამიანებს, ამას ვაზრობ  ახლა, ამ  წუთს,ხვალ  შეიძლება  სულ  არ მეგონოს  ასე.

 
               


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 коммент.:

Отправить комментарий