RSS

მოგონებები და მოლოდინები

  მას  შემდეგ  დიდი დრო  გავიდა, მაგრამ ისე  მახსოვს, თითქოს  გუშინ  მოხდა.
    დავიწყე  სკოლაში  მუშაობა. როგორც  გამოუცდელს  (ეს  ტერმინი   მანამ  შემრჩა,  სანამ  გამოცდილებმა არ  და  ვერ  ჩააბარეს  სასერტიფიკაციო  გამოცდა),  დაწყებითი  კლასი  მომცეს.  და  დაიწყო...
დღე პირველი, გაკვეთილი პირველი:

კანონიერები  და  უკანონოები

     გავერიე  მარაქაში  ანუ  ტირიფების  ჩრდილქვეშ მოჭორავე  მასწავლებლებში. ათვალირ-ჩათვალიერების  შემდეგ  დაინტერესდნენ   ვინა  ვარ,   რა  ვისწავლე?  პასუხის  პასუხად   ეს  მივიღე  ხმამაღლა  და  სულიად  მოურიდებლად:  ამან  რა   უნდა  ასწავლოს?
მეორემ-აბა,აბა, საიდან  მოათრიეს,დაიღუპა  სკოლა!
 არადა,  იქვე  ვდგავარ, განა  საჩუმათოდ  ამბობენ. სიკვდილამდე  გამახსენდება, მიუხედავად  იმისა,რომ  შემდეგში  ძალიან  მემადლიერებოდნენ  და  ბევრი  მოსაფერებელი  სიტყვები  მითხრეს, როგორც  მათი შვილების და  შვილიშვილების მასწავლებელს( ბავშვებს  განსაკუთრებით   ვუყვარდი. დღემდე  მაქვს  მათთან  ურთიერთობა), მაგრამ  შემდეგ  ნათქვამმა:  ,,როგორ  შევცდით", ვერაფრით    გადაწონა  პირველი შეფასება- ,,ამან  რა  უნდა  ასწავლოს, დაიღუპა  სკოლა და  საიდან  მოათრიეს!"  
      ეს იყო     პირველი და  კარგი  გაკვეთილი, რადგან 
      ყოველთვის მახსოვდა  აგვისტოს  ის  დაწყევლილი  დღე   და   თვითონ  რომ  გავხდი  სამსხურში  სხვისი  მიმღები,    ვცდილობდი,   მაქსიმალური კომფორტი  შემექმნა  ადამიანებისთვის. მაგრამ  ეს  იყო  შემდეგ. მანამდე    კიდევ  ბევრი  რამ  უნდა  მესწავლა იმ  სკოლაში. მანამდე უნდა  გამეგო, რომ  არსებობენ  ე.წ. ,,კანონიერი"  მასწავლებლები,ავტორიტეტები, რომელთა  ყოველი  სიტყვა  ჭეშმარიტებაა,  რომლებს  მუდმივად  უნდა  უხადო  მადლობა  პედსაბჭოებზე, რომელთაც  შეუძლიათ  გამანდგურებელი  შენიშვნა  მოგცეთ  და  თავსაც  ვერ  დაიცავთ,რადგან  თქვენ  ,,უკანონო" ხართ. თქვენ  ვინ  ხართ, რა  იცით, რა  გამოცდილება  გაქვთ? 
    სტატუსი ,,უკანონო" პირობითია  და ჩემნაირებს  გულისხმობდა  ანუ  ისეთებს, ვინც  არავის  პროტეჟე  არაა, ვინც  ახალგაზრდაა და  ვინც  მძაფრად  რეგირებს შეურაცხყოფაზე  და ვინც  სხვანაირად  ხედავს  ბევრ  რამეს.  
    რაა? რამე  იცით?  აგერ  ვართ  ჩვენ ,,კანონიერები". დაგესწრებით, შეგამოწმებთ  და  ნახავთ  რამდენ შენიშვნას  მოგცემთ!! 

ჩვენ  ყველაფერი  ვიცით, ვერასდროს გახდები  ჩვენისთანა!

    პათოსი, რომელსაც  მუდმივად     ამკვიდრებდნენ  ყოვლისმცოდნეები.  
    მაგალითად: იყო  ესეთი  ამბავი, ფილოლოგთა ერთ-ერთ  რაიონულ  შეკრებაზე  ერთ-ერთმა ,,კანონიერმა" დასვა  კითხვა: ხომ  ვერ  ამიხსნით,  რა  არის ,,ომნიბუსი?"(ეტყობა  გალაკტიონის  პოეზია  ჰქონდა  ასახსნელი). იყო  რამდენიმე  ვერსია(?!!) და  ჩემს პასუხზე  ხმამაღლა  და  სახალხოდ  ავტორიტეტმა   მითხრა: დედი, არ  გეწყინოს, ქალბატონ  .....სი  უფრო  მჯერა, რადგან  ის  პირველი  კატეგორიის  მასწავლებელია, შენ  კი  მეორე.  შენ  ჯერ  კიდევ  ბევრი  უნდა  ისწავლო, რომ  ჩვენ  გაგვიტოლდე!ზუსტად  ასე  თქვა ,,ჩვენ  რომ  გაგვიტოლდე".
ოცდაათამდე  მასწავლებელი  ესწრებოდა  იმ  რაიონულ  შეკრებას  და  ყველა  კანონიერი. ყველა  საკუთარ  უპირატესობაში  და  უგანათლებულესობაში  მტკიცედ  დარწმუნებული. 
    მომავალში  ვერც  ერთი  ვერ  ჩააბარებს  არც  ისე  საშინელ  სასერტიფიკაციოს  რამდენიმე  მცდელობის  მიუხედავად. მაგრამ  ეს  იქნება  მომავალში.

     არასპეციალისტი  და  ცრემლები
    შემიძლია  დავიკვეხნო, რომ  საქართველოს  განათლების  სამინისტროს  ყველა  გადაწყვეტილება    საკუთარ  ტყავზე  გამოვცადე. მაგალითად, შეიკვეცოს  კლასი? აუცილებლად  ჩემი. რატომ?  იმიტომ, რომ ფილოლოგი  ვარ  და  დაწყებითს  ვასწავლი, არასპეციალისტი ვარ. მერე  რა, სხვები  უფრო  არასპეციალისტები  რომ  არიან, ვთქვათ, ტორფის  ტექნოლოგი  ან სხვა. მე  უფრო   არასპეციალისტი  ვარ.  ეს  სამინისტრო  კი  მუდმივად  ჯიბრში  მედგა  და  ხან  საათებს  ამცირებდა, ხან  კლასებს  ამსხვილებდა.  მოკლედ, ზრუნავდა, არ გამთენებოდა  უცრემლოდ სექტემბერი.   

კატეგორია  და  ვნებები

    ეს იყო  პირველი  მცდელობა  შეემოწმებინათ  მასწავლებელთა  თეორიული  ცოდნა ტესტების  სახით. ვერ  ვიტყვი,   არ  გამიხარდა-მეთქი. რას  ამბობთ, მეძლევა  შესაძლებლობა, დავამტკიცო  სამსახურის  ღირსი  რომ  ვარ.
      ეტაპი  პირველი: სკოლა  შიდა  შემოწმების   შედეგად არკვევს,  რომელი  კატეგორია  გეკუთვნის. ტესტირებით  კი  შეგიძლია  შეიცვალო, აწიო ან  დაწიო.  სკოლაში  კიდევ  შეხხედულებისამებრ  ანიჭებენ  ამ ოხერ  კატეგორიებს  და კიდევ  უფრო  ოხერ  ქულებს. არანაირი  პროტესტი  არ  მოსულა. რაც  უფრო  მეტად  აპროტესტებ, მით  უფრო  რწმუნდებიან,  ნაკლები   ქულა  უნდა  მოეცათ. შემოწმების  უფლება  კი  აქვს  ყველას, უფრო  სწორად  დირექციასთან  ყველა  დაახლოებულს. მაგალითად, ვეკითხები  მორიგ  შემმოწმებელს:
- კი , მაგრამ...  შენ  რომ  კომისიაში არ  ხარ?
- ნუ, დირექტორს  არ  სცალია  და  მე  გამომგზავნა.ხომ  იცი,როგორ მენდობა.  ეჭვი  არ შეგეპაროს, ობიექტურად  შეგაფასებ.
   გონივრული  ეჭვის  გამო  იმ  ქალბატონს მოუწია  გაბრუნება.  სანაცვლოდ, დამამუშავეს  კრებაზე  და თანამშრომლობაზე  უარისთვის   დავისაჯე  ნაკლები  ქულით. ჯანდაბას, ავწევ  ტესტირებაზე! ვინ  გაგახარა? საერთოდ  არ  დამიშვეს. მოტივი, სხვის  ნაცვლად  მუშაობ,დროებითი  ხარ! იმავე  სკოლაში  უკვე  მაღალ  კალასებს  ვასწავლი  უკვე  2  წელია, მაგრამ  მაინც  სხვის  ნაცვლად  მქვია. მერე  რაა, რომ  ის  სხვა  საზღვარგარეთაა  წასული  პირადი  პრობლემების  მოსაგვარებლად. მერე  რაა, რომ  კანონი  ჩემს  მხარესაა.  არც  ტესტირებაზე  დამიშვეს და კიდევ  ორი  წლის  მერე  რომ  ჩამოვიდა  პირადპრობლემამოგვარებული,  საერთოდ  მიშვებდნენ  სკოლიდან. ,,საიდანაც  მობრძანდა, იქით  მიბრძანდეს"   არგუმენტით. ჩემმა  პრინციპულობამ  ის  სიკეთე მომიტანა, რომ  მთლად  არვ (ვერ)  გამიშვეს, მაგრამ   დამტოვეს ერთი  კლასის  ამარა. კიდევ  დიდხანს  მესმოდა, რომ  ზოგიერთს  ოჯახი  ჰყავდა  და  ამიტომ  ეკუთვნოდა (!) საათები. მე-არა.

ამასობაში...

  ამასობაში  წლები  გავიდა. საუკეთესო  წლები. ახლა  უკვე აღარ  ვიყავი  მარტო. ყველა   შემდეგ მოსულმა  იგივე  ბედი  გაიზიარა.  ახლა  ,,უკანონოები" ,,კანონიერებს" უსამართლობაზეც  უთითებდნენ.  მერე  დაიწყო  გამოცდები.  დავირაზმეთ  და  ვიარეთ  ტრენინგებზე, დავხარჯეთ  დრო, ფული, ენერგია.  წარმატებით ვაბარეთ  ყველა  გამოცდა. დირექტორობიდან  დაწყებული  სასერტიფიკაციომდე.  კანონიერებმა-ვერა. 
   2012-2013 სასწავლო  წლის  სექტემბერი  იყო  ჩემს  ცხოვრებაში  და  სკოლაში  ხანგრძლივი მუშაობის  შემდეგ  პირველი, როცა ულაპარკოდ  მომცეს  სრული  დატვირთვა  საგანში. ისიც  იმიტომ, რომ  სულზე  მომისწრო    ბრძანებამ  სერტიფიცირებულები  დაეკმაყოფილებინათ  პირველ  რიგში. ყველა  დარწმუნდა  თავის  შესაძლებლობებში  და  თუმცა  ჩვენს  სკოლას  არ  შეხებია  ცვლილება  არც  მენეჯმენტში,  არც  მატერიალური  თვალსაზრისით, ადამიანური  ურთიერთობები  დალაგდა. კვლევებსაც  ვატარებთ, პროექტებსაც,  ვთანამშრომლობთ და  ერთმანეთსაც  ვეხმარებით,  შეძლებისდაგვარად. გრანტიც მოვიპოვეთ.
ნაბიჯი  წინ  თუ  ნაბიჯი  უკან?
       
        რატომ  ვიხსენებ   ამბებს, რომლებიც  არ  მიყვარს. განა იმიტომ , რომ   გამონაკლისი    ვიყავი  ან  განსაკუთრებულად  მჩაგრავდნენ და ა.შ.   მაშინ  მეტნაკლებად  ერთნაირი  სიტუაცია  იყო  ყველგან  და  ჩემნაირებიც  ბლომად  იყვნენ.
     როგორ  ფიქრობთ, იმავე  ადამიანებს  რომ  ჰქონოდათ  უფლება  ვინმესთვის  სერტიფიკატის  მინიჭებისა, ყველაზე  მკაცრი  კრიტერიუმებისა  და  თვალყურდევნების  პირობებშიც, მე  და ჩემი  მეგობრები  მოვიპოვებდით  მასწავლებლობის  უფლებას? დარწმუნებული  ბრძანდებოდეთ - ვერა, ვერ  მოვიპოვებდით.  
   დიახ, ნამდვილად, ტესტი  ვერ  განსაზღვრავს  მასწავლებლის  პრაქიკულ  უნარებს. ხანდახან  სერტიფიცირებული    სრულიად  უვარგისი პედაგოგია  და  პირიქით,  ვიცნობ  კარგ, მაგრამ  არასერტიფიცირებულ მასწავლებელსაც.
  იქნებ,  ჯერ  ჩამოყალიბდეს  სამინისტრო,  როგორ  და  რაში  გამოსცადოს  ხალხი   და მერე  ჩაატაროს, თორემ  მუდმივად  სტრესი  და  მოლოდინის  რეჟიმში  ცხოვრება   არა მგონია  სასიკეთოდ  წაადგეს  სკოლას. 
  ამიტომ გამიჩნდა კითხვები   ახალი სტანდარტების მიმართ:  
1. ვინ  იქნება  შემფასებელი?
2. შეეხება  თუ  არა  ეს  უკვე  სერტიფიცირებულებს?
3.რამდენად  წაადგება  სისტემას  თუ ყოველმა  ახალმა  მინისტრმა  ჩათვალა, მხოლოდ  მის  დროს  და  მისი შეფასების  კრიტერიუმებია უტყუარი  და  უცდომელი?
4. რამდენად  იქნება  სუბიექტივიზმისგან  დაცული  მასწავლებელი,თუ   ვიღაცის  დასკვნაზე  იქნება  დამოკიდებული?
5. რა  რესურსი  აქვს  ამ  ეტაპზე  სამინისტროს  ამოწმოს საქართველოს  2200   საჯარო  და 200-მდე  კერძო  სკოლის  ყველა  მასწავლებელი?
    იქნება კი  ეს  ნაბიჯი  წინ?   თორემ  ჩვენ  არც  ახალი  კრიტერიუმების  გვეშინია.  
   როგორც  ამბობენ, ,,რაც  არ  გკლავს, მხოლოდ გაძლიერებს".




  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

20 коммент.:

ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) комментирует...

ყველა შენი კითხვა ჩემი შეკითხვაცააა, როდის მორჩებიან ,,მასწავლებლის სტანდარტის ” შექმნას, ძალიან მაინტერესებს??? ვისაც მუშაობა შეგვიძლია, გვაცალეთ, ბატონო სამინისტროვ, თუ შეიძლება

Inga Gogaladze комментирует...

წავიკითხე და საკუთარი თავი დავინახე. მეც მსგავს სიტყუაციაში ვიყავი სანამ გამოცდას ჩავაბარებდი და სერთიფიკატს ავიღებდი. ეხლა კი ყველა პედაგოგს ეს კითხვები გვიტრიალებს თავში და ველით პასუხს როდის გაგვცემენ

Unknown комментирует...

ჯერჯერობით მკაცრად გასაიდუმლოებულია ეგ სტანდარტი.

Unknown комментирует...
Этот комментарий был удален автором.
Unknown комментирует...

2012 წლის 9 იანვარს და 2014 წლის 9 აგვისტოს ერთი და იგივე კითხვები რომ გვაწუხებს, ნორმალურია?

ОтветитьУдалить

ნათია კურტანიძე комментирует...

ჩემი თავი დავინახე :( ზუსტად...ასე მგონია მე დავწერე ეს ყველაფერი

ნათია კურტანიძე комментирует...

არსპეციალისტი...გვიან მოსული...გამოუცდელი და ა.შ ....ჰმ...

ნათია კურტანიძე комментирует...

სამჯერ შემამცირეს და გამომიშვეს...დღეს 8 დაწყებითის მასწავლებლიდან მხოლოდ მე ვარ სერთიფიცირებული და ისევ ჰაერში...

ana комментирует...

ახალგაზრდაა და არაფერი იცის,ხშირად გამიგონია ეს სიტყვები. არ გინახავთ სტაჟიანი ერთ ადგილს რომ ტკეპნის და წარმატებული ახალგაზრდა ნებისმიერ სფეროში.ადამიანი უნდა შეფასდეს მისი კვალიფიკაციით და გაკეთებული საქმეებით!

ეთერი комментирует...

რა ცუდია, დღესაც რომ არსებობს თაობათა შორის ,,ხიდჩატეხილობის" პრობლემა!
ეკა, შენ საუკეთესო ხარ, გაფასებ და მჯერა შენი წარმატებების! <3

Unknown комментирует...

ხომ ვთქვი, არ ვიყავი ერთადერთი და გამონაკლისი უსამართლობის მორევში. არ მახარებს ეს მაბავი. გამოცდების გაუქმება იმავე ან მსგავს სიტუაციაში მაბრუნებს.

Unknown комментирует...

ყოველ წელს მამცირებდნენ :)

mayvala комментирует...

თუ დირექციის ორბიტაში არ ხარ მოხვედრილი,ათი სერტიფიკატიც რომ გქონდეს,აზრი არ აქვს!!!!!!!!!!!!!!

ლელა ბარათაშვილი комментирует...

სრულიად გეთანხმებით :)

ნათია კურტანიძე комментирует...

სწორედ ეგ პრობლემა მაქვს დღესაც :(

ნათია კურტანიძე комментирует...

ეს სამი წელი ,,სერთიფიკატის იმუნიტეტი მიცავდა", მაგრამ ვშიშობ სექტემბრიდან რა იქნება...თუ ეს ქაღალდები თავზე არ გადაგვახიეს...რა ვიცი...რა ვიცი...

სოფოშეროზია комментирует...

ამ სტატიამ ჩემი ცრემლები გამახსენა, მეგონა მარტო ჩემ სკოლაში იყო ასეთი სტაჟიანები. ისე ჩემთან მაინც განსხვავებულები არიან, რადგან გამოცდების ჩაბარების ანუ კომპეტენციის დამტკიცების შემდეგაც გაჩნდა ახალი პრობლემა: ჩაწყობილია. არადა როცა დასჭირდები ვინმეს და ეხმარები, მაშინ კარგი ხარ! სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობააა.

ბელა ლაგვილავას პორტფოლიო комментирует...

მეც სულზე მომისწრო სერთიფიცირებამ ეკა."კანონიერები" მომეწონა ძალიან-1996 დან 2010 წლამდე ასე ვიყავი 8 საათისა და 16-30-80 ლარის ამარა.ახლა კი როცა დახმარება სჭირდებათ გეძახიან ან საუკეთესო ხარ.რომ დაეხმარები-ეს მათ გააკეთეს დამოუკიდებლად.ზევითაც ერთეულები და დარჩენილები გულაობენ და ასე...საცოდავია ის რეგიონი (!!!)რომელსაც ჰყავს შენისთანა კადრი და არ იყენებს მას მიზანმიმართულად.მაგრამ"კიდევ მოვა გაზაფხული"....

Mari комментирует...

ეს ამბავი ძალიან ჰგავს ჩემსას. 1997 წელს დავიწყე ჩემს მშობლიურ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და 2010 წლამდე 8-9 საათი მქონდა. საათების მომატებაზე ფიქრი გულშიც არ უნდა გამევლო. რატომ? მე თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და მათემატიკის მასწავლებლად მუშაობას ,,ვბედავდი“. რამდენჯერ წამოუყვედრებიათ ჩემთვის არასპეციალისტი ხარო. არც ვინმეს ცოლი ვიყავი და არც ისეთის შვილი, რომელსაც ხელისუფალნი დააფასებდნენ (არადა მამაჩემიც იმ სკოლაში მუშაობდა ერთდროს). რაღა ბევრი გავაგრძელო, 2010 წელს შემთხვევით მოვხვდი პედაგოგთა გამოცდებზე. ვამბობ შემთხვევით, იმიტომ რომ მომავალ წელს ვგეგმავდი უფრო საფუძვლიანად მომზადებული წავსულიყავი გამოცდებზე. ,,წილადის ხაზის გავლებას ვერ გასწავლითო თქვენი მასწავლებელი “- ამას ეუბნებოდა მოსწავლეებს ჩემზე ჩემი კოლეგა და არა მარტო კოლეგა, ჩემი ყოფილი მასწავლებელიც. ასეთი რაღაცეების გამო არ მინდოდა მოუმზადებლად გასვლა მაგრამ, ჩემი ახალი დირექტორის დადაჟინებული თხოვნით წავედი გამოცდებზე და გავხდი სერტიფიცირებული. გამოცდის ჩაბარებიდან პირველ წელს 14 საათი მომცეს ,,კანონიერებმა“. (ძალიან მომეწონა ეს სიტყვა). მომდევნო წელს კი იძულებული გახდნენ 18 საათი მოეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო არ დაამტკიცებდა სკოლის გეგმას. წლების განმავლობაში, სანამ მრავალი მცდელობის შემდეგ სამასწავლებლოში მომრავლდებოდნენ სერტიფიცირებულები, მესმოდა ,,ჩემზე მეტი რა იციან სერტიფიცირებულებმა“, ,,ჩემზე მეტს რას აკეთებენ ისინი გაკვეთილზე“, ,,რა გააჭირა საქმე ამ პროექტებით, ჩვენ რა, არ ვატარებდით საჩვენებელ გაკვეთილებს?“ ,,პროექტები ჩვენს სკოლაში ქულების დასაწერად კეთდება, აბა ბავშვი ვის ახსოვს“. ჰოდა, ძველი სქემის ფარგლებში ჩვენმა ზემდგომმა უწყებამ ჩემი 10 თუ 11 პროექტი 0 ქულით რომ შემიფასა, ვერ ვიტყვი ზოგიერთ ჩემს კოლეგას გაუხარდამეთქი, მაგრამ იმ მაღალმა უწყებამ გაპროტესტების შემდეგ 0 ქულა 6 ქულით რომ შემიცვალა, ჩემს სამასწავლებლოში ნამდვილად იყვნენ ისეთები, რომელებსაც ეს მაქსიმალური შეფასება არ მოულოცავთ ჩემთვის. (ჰო, ისინი ,,კანონიერები“ იყვნენ). ჩემი სერტიფიცირება მათზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე ვერ მივიღებდი მას. რომელი სჯობია კოლეგების შეფასება, თუ ვიდეო გაკვეთილი და აბსოლუტურად უცხო ადამიენების შეფასება? თითქოსდა მეორე მირჩევნია, მაგრამ ჩემი ძველი სქემის შეფასება რომ მახსენდება 0-დან 6 ქულამდე გრადაციით და თან საბოლოო პაუხის რამდენიმე თვიანი ლოდინით, ვხვდები მარტივი და სასიამოვნო პროცესი არცერთი არ იქნება.

Unknown комментирует...

"კიდევ დიდხანს მესმოდა, რომ ზოგიერთს ოჯახი ჰყავდა და ამიტომ ეკუთვნოდა (!) საათები. მე-არა."სხვა იგივე გასაჭირი თუ მომიხსნა გამოცდების ჩაბარებამ,აი,ეს ისევ "გასაჭირად"რჩება. მე ,გაუთხოვარს,რა გამჭირირვებია,დანამატი პენსიასავით მიმაქ სახლში,მეტი რა უნდა მინდოდეს?! :) სასაცილოო

Отправить комментарий