კარგა ხანია ვემზადები ამისთვის და როგორც იქნა მოვიცალე. თავის დროზე სხვა განზომილებაში გადამაგდო ამ მწერალმა. ხშირად მენატრება ის განცდა. პირველად ჟურნალ ,,ომეგაში" ვნახე. ძალიან საინტერესო ჟურნალი იყო, საუკეთესო პოლიგრაფიული ხარისხის და საკმაოდ ძვირიც. .სამწუხაროდ,სულ რამდენიმე ნომერი გამოვიდა. მახსოვს, მუდმივი შეხლა-შემოხლა მქონდა ფოსტის თანამშრომელთან. რამდენჯერმე ,,გადამაგდო", არ მოუტანიათო. დრო იყო ისეთი, არაფერ უცნაურობას არ წარმოადგენდა ნერვებისდასაწყვეტი ამბები და მეც ,,ვჭამე" . თურმე სად ხარ? ეს სანდომიანსახიანი ქალბატონი სულაც არ აღმოჩნდა პატიოსნების განსახიერება, ჰყიდის ჩუმად ჩემს ჟურნალს! მე კიდევ გამწლიკულ დისრიბუტორზე მგონდა ეჭვი და ვაპირებდი წასკანდალებას სრულიად შემთხვევით რომ არ აღმომეჩინა ყველა დაკლებული ნომერი ფრიად პატივცემული პერსონის მფლობელობაში. კი მარწმუნებდა ჩემი კლასელი ქალბატონის კუდიანობაში, მაგრამ არ ვუჯერებდი. რა დაეჯერება სიძეს სიდედრის, მით უფრო , ცოლთან გაშორებული თუა და ევამ რომ ვაშლი ჭამა მისი ბრალი ჰგონია . გასუხარებასგადარჩენილ" ერთ-ერთი ნომერში იყო ედგარ კერეტის ინტერვიუ, მოთხრობები და სურათებიც კი . მათ შორის ერთი ჩვეულებრივი, საქორწილო, საცოლესთან ერთად. (რაღა საცოლე, უფრო ცოლი გამოდის თუ საქორწილო ფოტოა). შიღა გვირილების გვირგვინით, წითელ პომადასა და თეთრ კაბა ში, ედგარი მის უკან , გაღეღილ პერანგში, გაღიმებული, საოცარი თვალებით . უბრალო ფოტო იყო, მაგრამ სიმშვიდით დამუხტული. მახსოვს, ძალიან შემშურდა შიღასი. ცოტა საქმეა ასეთ დიდებულ კაცს უყვარდე-მეთქი?- ასე ვფიქრობდი მაშინ. ძალიან ახალგაზრდა მეჩვენა არაჩვეულბრივი მოთხრობებისთვის, მაგრამ მისი დიდებულება უცებ ვირწმუნე. თუ არ ვცდები, ეს 2002 წლის ამბავია. დიდი ხნის შემდეგ მარჯანიშვილის მერტოს გვერდით საოცარ წიგნის მაღაზიაში(ახლა იქ ტანსაცმლის ჰყიდიან -(( ) სრულიად შემთხვევით წავაწყდი მის წიგნს , ,,ნებროთმა გარეკა"-ასე ერქვა. რა თქმა უნდა, ვეცი. ჩავნთქი-სხვა სიტყვა არ მეგულება პროცესის გადმოსაცემად. ბავშვობაში მემართებოდა მსგავსი სიგიჟე. კი არ ვკითხულობდი, ვყლაპავდი წიგნებს. თუ მომეწონებოდა, დიდხანს მიმყვებოდა ემოცია, სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო. რაც არ უნდა მეკეთებინა, თავში პერსონაჟები, ფრაზები, წიგნის ამბები მიტრიალებდა. მოკლედ, ავად ვხდებოდი. , ბანანათევზის ამინდი", ,,მარტოობის ასი წელიწადი", ,,უკაცო სახლი", ,,ფიესტა, ,,ტრიუმფალური თაღი", ,,სამოსელი პირველი" ,,ხმაური და მძინვარება", ,,დიდი გეთსბი" - ჩემი ხანგრძლივი და ქრონიკული ავადმყოფობის მიზეზები. ერთადერთი წიგნი, რომელიც წაკითხვისთანავე შემძულდა და დღემდე მძულს, რომლის გადაკითხვა, ზუსტად ვიცი , არასდროს არ მომინდება, ნაბოკოვის ,,ლოლიტაა". არ ვიცი რატომ, ვერ ვხსნი. მძულს და მორჩა. ქუჩაში, სკოლაში, ახლობლებში ვპოულობდი ნაცნობ გმირებს და ზუსტად ვასილ კეჟერაძესავით სახელებსაც ვარქმევდი. ღმერთო, როგორ მიყვარდა მერკუციო! მერკუციოზე ვგიჟდებოდი. შემდეგ ჰოლდენ კოლფილდი შემიყვარდა. ისიც თვლიდა, რომ მერკუციო რომეოზე მაგარია . ძალიან მახარებდა სხვაც ჩემსავით რომ ფიქრობდა და ეს სხვა დიდი სელინჯერი გახლდათ. მერე ამერია, რომელი უფრო მიყვარდა: ჰოლდენი თუ მერკუციო, თუ დონ დიეგო,თუ ჟან ვალჟანი,თუ .... მაგრამ კოლფილდი მაინც ყველას მერჩივნა და ასეა დღემდე. წაკითხულ წიგნებს ბევრჯერ გადავიკითხავდი ერთგვარი შიშით, ვაითუ, ახლა აღარ მომეწონოს-მეთქი. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, განვიხიბლებოდი რატომღაც. უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა ეს ამბავი. დღეს ისე აღარ მაღელვებს აურელიანო ბუენდიას შფოთიანი ცხოვრება. არც ბეტისა და მაქსის, არც კილიმანჯაროს, არც ბიძია გევინის ამბები მაწუხებს ისე მძაფრად, როგორც მაშინ. ეს ,,ვაითუ.." დღემდი მაწუხებს. . მაგრამ ახლა შვებულება და კითხვის დღეები მაქვს . ავდექი და გადავიკითხე კერეტი. გადავიკითხე, უფრო მშვიდად, არ ჩამინთქავს. ცოტა ხანს მეყოფა ეს ბედნიერება.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий