RSS

ოლეანდრებიანი სანაპიროს სევდა

93 წლის 13 სექტემბერს დღის 12 საათზე მე და ძველი მეგობრები ვისხედით კიბეზე, მივირთმევდით უგემრიელეს შავ ყურძენს, ვუსმენდით სროლის ხმას და ტუტუცური გულუბრყვილობით ვფიქრობდით, რომ ყოველი გასროლა ბოლო იყო , რომ 5-10 წუთში დამავრდებოდა უაზრობა, რომ ხვალ ისევ გავისეირნებდით ოლეანდრებიან სანაპიროზე, ,,პინგვინიდან" ნამცხვრის ნაფხვენებს ისევ გადავუყრიდით ლიფსიტებს,რომ სადღაც ახლოს მოწრიალე გიჟი მარადონა გამოგვეკიდებოდა ,,девочка, а девочка, дай денги а то я тебя поселую-ს" ძახილით. არც ერთმა არ ვიცოდით რომ სულ მალე ქალაქიდან დაძრული ხალხი აავსებდა ჩამბას ქუჩას, რომ ამ ნაკადში ერთმანეთს დავკარგავდით. რომ ვნახავდით სიკვდილს,ღალატს,ტყვეობის სიმწარეს,ღმერთს-უიმედობისას.არ ვიცოდით, რომ სასწაულების უნდა გჯეროდეს, არც ის, რომ ხანდახან მკვდრები ჯობია ცოცხლებს, რომ გადარჩენილი დიდხანს, დიდხანს ვერ დავიძინებდით, რომ ცხადად გვეხსომება ყველას სახე,სახელი, სხეულზე ამოკაწრულივით. რომ წინ კიდევ გველოდება ბოღმა და უკანონობა, ომი ერთი, მეორე...რომ ამ ქვეყანას ყოველთვის იმისისტები და ამისისტები იყოფენ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის ეძულება საკუთარი ხალხი,რომ აღარ დამთავრდება აღარასოდეს უსამართლობა და ,,გაუმარ-ჯოს,ჯოოოოს!",რომ ხვალ სოხუმი დაეცემა,რომ ვერასდროს ვნახავდით ოლეანდრებიან სანაპიროს, კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდით. ძალიან ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვიყავით.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS