RSS

ისინი არ წასულან, ისინი აქ არიან

   
     

      შპარგალკომანია გახსოვთ?   შპარგალკა?- გამოსაშვები გამოცდების   უცვლელი ატრიბუტი.  შაბლონური თემები- ,,ქალთა  სახეები ,,ვეფხისტყაოსანში", ილია  ჭავჭავაძის  პატრიოტული  ლირიკა,  ჩემი საყვარელი  მწერალი"...    ჰოდა, ერთი  დაწერდა, ათასი  იწერდა.  მთელი  ინდუსტრია  გახლდათ  ასეთი  თემებით  ვაჭრობა  და  პროცესი   სამი  ფაზისგან  შედგებოდა.  

        ფაზა  #1:   გამოცდისთვის  ,,პატრონიანი"  ბავშვების    ნათესავებისა და  გულშემატკივრების მობილიზაცია  ცხადდებოდა.  მანამდე  ცნობილი  სპეციალისტი  უნდა  მოძებნილიყო, ფასი  და  დრო შეთანხმებულიყო. ფასი გასაგებია  და  დრო  იმიტომ, რომ მშობლებს  ხელი  არ  შეეშალათ  ერთმანეთისთვის. მანქანაც  საჭირო გახლდათ, იმის  მიხედვით, სად იმყოფებოდა  შეგულებული  სპეციალისტი  და  რამდენ ხანში  ხერხდებოდა    მელანშეუშრობელი  თემის სკოლამდე  მოტანა.

    თავის  მხრივ, პატივცემული   სპეციალისტიც   ემზადებოდა.  მას  გულდასმით უნდა   გადაერჩია  მზა თემები, დაელაგებინა, მერე  ტელევიზორი ან  რადიო ჩაერთო  და  ყურადღებით  მოესმინა  განათლების სამინისტროს  მიერ  (მაშინ  ასე  ერქვა) გამოცხადებული  სამი  თემის  სათაური. თადარიგიანი  მშობელი დილიდან   მასთან  ერთად ელოდებოდა  აფორიაქებული, მაგრამ   ცნობილი  სპეციალისტით  დაიმედებული.  

დილის  9  საათზე  კაბინეტებში  შეყუჟული მასწავლებლები, სკოლის  ეზოში  ან  ეზოს  გადაღმა გულშემატკივრები,  საგამოცდო  მერხებს  მიმსხდარი მოსწავლეები  და  ცნობილი  სპეციალისტი   ერთნაირი მღელვარებით  ისმენდნენ  დიქტორის ხმადაწმენდილ ,,ყურადღება, ყურადღებას!"აქედან იწყება  საგამოცდო ციების  ფაზა#2.  

     ამ  ფაზაში  მთავარი  მოქმედი  პირი ცნობილი სპეცალისტია.  ის  სწრაფად  წერდა ახალს ან  აახლებდა ძველს. პროცესი დაახლოებით  15-დან 30 წუთამდე გრძელდებოდა. ე.წ.  ,,თავისუფალი  თემა" გონების დაძაბვას  მოითხოვდა, შესაბამისად,  უფრო  ძვირი ღირდა, მაგრამ  რომელი ჭეშმარიტი  მშობელი დატოვებდა  შვილს  განსაცდელში  რაღაც  50 მანეთისთვის (ძველი  ამბავია  ეს). ამით  ფაზა #2 მთავრდებოდა  და   იწყებოდა  ფაზა#3.

    მშობელს  მანქანა  მიაქანებს  სკოლისკენ. იქ მას  მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, დამრიგებელი, სკოლის  თანამშრომლებისგან რომელიმე მობილიზებულთაგანი  ელოდება.  წინდახედული  და პატივმოყვარე  მშობელი  სხვების  დასანახად  არ იკადრებდა  თემის შეგზავნას. ის უკანა  გასასვლელთან დაბარებულ  შიკრიკს  ჩუმად  გადასცემდა თემას  და გულდამშვიდებული  უერთდებოდა    ეზოში  ან  ეზოს   გარეთ  მომლოდინე  პუბლიკას. ,,ჩემი  თავისუფალს წერს. გავაფრთხილე, მაგრამ  არ   დაიშალა!"-ეს ფრიადოსნის  გულშემატკივრის  ტრადიციული ,,წუხილი" იყო.  თავის  მხრივ, შიკრიკი  რომელიმე დამკვირვებელს  გადასცემდა  თემას და  ვალმოხდილი უბრუნდებოდა დისლოკაციის  ადგილს, სხვებსაც  რომ დახმარებოდა. 
        ასე  იტყუებდა  თავს   მშობელი, მოსწავლე, მასწავლებელი, ქვეყანა.   ასე  ტყუილით  იწყებდა
ცხოვრებას  ადამიანი   და   ტყუილი  ხდებოდა  მისი არსებობის  თანამგზავრი, თავის  გატანისა  და წარმატების  საწინდარი.  თვითონაც  იტყუებოდა  და სხვის  ტყუილზეც  ხუჭავდა  თვალს. 
       დრო  შეიცვალა  და , საბედნიეროდ, გაქრა
შპარგალკომანია  და  ცნობილი  სპეციალისტის სამსახურის  საჭიროება, მაგრამ ადამიანები  დარჩნენ 
და  მენტალურადაც  დიდად  არ  შეცვლილან.  ისინი დროს  მოერგნენ  და  ტყუილი  ძალიან  კარგად დაეხმარათ  ამაში. ასე დაამთავრეს  სკოლა, ასე  მოეწყვნენ  ინსტიტუტებში,  ასე  იშოვეს  სამსახურები  და  ასე  იცხოვრეს.  ასე აგრძელებენ. გაიძვერობას  სხვა  სახელი  მოუძებნეს, სიტუაციის  მართვის უნარი  დაარქვეს. წარმატებით  ჰყიდიან  ტყუილს,  გამოწრთობილები  არიან  ამაში.
       ახლა  რასაც  ვიტყვი,  პირადად  გადამხდა   სულ  ახლახან  და  ჩემთვის  ყოვლად  მოულოდნელ  სიტუაციაში.  მოგეხსენებათ, გასაუბრება  ერთ-ერთი  ყველაზე  რთული  და  სუბიექტური  ეტაპია  გამოცდისა. მე  და  ჩემი  2  ახლობელი  ველოდებით  ჩვენს  რიგს ,,ეს  თუ  მკითხეს, ამას  ვიტყვი" ვუზიარებთ  ერთმანეთს. ყველა  ასე  იქცევა. ესეც ღელვის  ერთ-ერთი  გამოვლენაა, მაგრამ  ჯერ  ვერ  ვხვდებით  ამას. ჩემამდე  ერთი  ქალბატონი  გაიძახეს, ჩხოროწყუელი.  გამოსულზე  პირდაპირ  ჩემკენ გამოემართა ,,ვაიმე,  ქალბატონო, ვუსმენდი  თქვენს საუბარს  და  რაც  თქვენგან  გავიგე, ყველაფერი  იქ მოვყევი. არც  ვიცოდი  რა  მეთქვა  ჩემს  ხასიათზე  და რომ  მკითხეს, თქვენი  ნათქვამი  გამახსენდა."
მართალი  გითხრათ, ძალიან  გავბრაზდი  და  არც თუ  უსაფუძვლოდ. თუ  გავითვალისწინებთ, რომ  გასაუბრების  კითხვები  სტანდარტულია, ძალიან ძნელია ერთ  წუთში  გადაეწყო  ახალზე, მით  უფრო, თუ  მომზადებული  ნამდვილად  თქვენს  ხასიათს ეხებოდა  და  თუნდაც  მოიფიქრო, ეს  უკვე  ტყუილი იქნება. 
- თქვენ  რა, მოიტყუეთ?-ვკითხე  გაბრაზებულმაც და  გაოგნებულმაც.  
- ეს  კომისიამ  არკვიოს!-იყო პასუხი  ქალისა, რომელიც   სკოლის  დირექტორობას აპირებდა, რომელსაც სურდა   ეხელმძღვანელა  სასკოლო  საზოგადოებისთვის.         ვეჭვობ, კომისიას ეს გაერკვია. 
        ამ  შემთხვევამ  გამახსენა    შპარგალკა  და  შპარგალკის  იმედზე  მცხოვრები  ადამიანები.  ისინი  არსად  არა  წასულან, ისინი  აქ  არიან, ჩვენ  გვერდით, წარმატებით  იტყუებიან. 

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS