RSS

განჯგონებულები


   ახალ წლამდე მოძმე კორეელი  ხალხი  გააუბედურა  დიდი ბელადის, ყველა დროის უმამაცესი გმირის, დიდი ადამიანის, მზის და ვინ იცის კიდევ რად წოდებულ კიმ ჩენ ირის გარდაცვალებამ. კორეელებს ბელადის მოუსავლეთში წასვლამ, დანარჩენ სამყაროს კი კორეელთა გლოვამ დასცა თავზარი. ყოფილი საბჭოთა ადამიანებისთვის მაინცდამაინც უცხო არ უნდა ყოფილიყო მგლოვიარეთა ზღვასშერთული ცრემლისა და მოთქმის ხილვა-მოსმენა. პროლეტარიატის  დიდი ბელადი დღესაც არაა დამარხული და მისი მუმიის სანახავად და პატივისმისაგებად ათასობით ადამიანი ილტვის საბჭოეთის რეინკარნაციის მსურველი სახელმწიფოს მთავარი ქალაქისკენ. პრინციპში, ჩრდილოეთ კორეაც ამ  ქვეყნის  პოლიტიკური  სატელიტია და მსგავსება სულაც არაა ალოგიკური.<
რასაც ახლა მოვყვები, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა.წელი ზუსტად არ მახსოვს, და არც ის, რომელ კლასში ვიყავი, მაგრამ მორიგი ბელადის, ბრეჟნევის გარდაცვალების გამო რომ გვარიანად მბეთქეს, თან სახალხოდ, მთელი სკოლის თვალწინ, მაგას რა დამავიწყებს. არც კლასელები მაძლევენ ამ ფაქტის დავიწყების უფლებას  და ჩვენი   ყოველი თავშეყრის   სახალისო  თემაა. როდის მოხდა ამას  
 კი გამოთვლიდა მონდომებული ადამიანი, მაგრამ რადგან არსებითი მნიშვნელობა  არ აქვს, ზედმეტად არ დავიძაბები.  წელი არა, მაგრამ ის კი მშვენივრად მახსოვს, რომ იმ დროს მასწავლებელთა საერთაშორისო ყრილობაზე ჩვენი ისტორიის მასწავლებელი  წარგზავნილი გახლდათ დელეგატად. შესაბამისად, საამური  იყო   უმისოდ ჩემი და არა მარტო ჩემი სასკოლო ცხოვრება. საამური იმიტომ, რომ სიმკაცრით გამორჩეული ეს ქალბატონი ყოველ გაკვეთილზე წარმატებით გვზაფრავდა წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი ლექსიკითა და თუ ხასიათზე არ იყო (როგორც წესი, არასდროს არ იყო) არც ნიჭიერად ცემას   ერიდებოდა. ჰოდა, მოკვდა ბრეჟნევი. რა თქმა უნდა, საბჭოთა ადამიანებმა საშინლად განიცადეს, გლოვაა ქვეყანაში. შეწყდა მასწავლებელთა ყრილობაც.  შეგვკრიბეს ყველანი მესამე სართულზე. ტევა არაა. ვდგავართ კლასებად დაყოფილები.  წინ  პედკოლექტივი – მწუხარე სახეებით, მთავარ მომხსენეებლად კი პატივცემული ქალბატონი, რომელმაც ძირფესვიანად მიმოიხილა ლეონიდ ილიას ძის დამსახურება მსოფლიო პროლეტარიატის წინაშე.  პატარები მიყუჟულები ვართ უკან, მოფარებულში და დედამიწაზე ყველაზე ნაკლებად  ბრეჟნევის სიკვდილი გვადარდებს.  ,,მოწიწებით ვხრით თავს თქვენი ძვირფასი ნეშტის წინაშე, ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ!"- დაამთავრა გამოსვლა თვალცრემლიანმა ქალბატონმა   და თავი დახარა. მიჰყვნენ სხვებიც. ჩამოვარდა სიჩუმე და აქ მოხდა ის, რამაც განსაზღვრა ჩემი და ისტორიის პატივცემული პედაგოგის შემდგომი ურთიერთობა, ფრიად ავადმოსაგონარი. სამსახურიდან დაბრუნებული მამის ფრაზა : ,,მოკვდა თორემ აქამდე ცოცხალი იყო!" ამომიტივტივდა და  საერთო სასკოლო გლოვისას საკმაოდ ხმამაღლა დამცდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა!     გადაიხარხარეს ოხერმა მაღალკლასელებმა. მომაჩერდა ვინ იცის რამდენი წყვილი თვალი.  გამოფხიზლდა  წამიერად დაბნეული და ენაჩავარდნილი ისტორიის პატმასი, გამოარღვია მოსწავლეთა ჯგრო, მეცა თმებში, გამათრია მწკრივის წინ და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მბეთქა.  ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც, რომ წარმოვიდგენ გაჩხიკულ პატარა გოგონას თმებსჩაფრენილ ქალს , ძალიან ვმწარდები. მხოლოდ რუსულის მასწავლებელმა,  ნონა ოკუჯავამ, გააპროტესტა ეგ ამბავი. ,,ნუ ჩტო ზა ბეზობრაზიე, ეტერი, რაზვე ტაკ მოჟნო,ჩტო ვი სებე პოზვოლიაეტეს" ძახილით მივარდა   ჩემი დახსნის იმედით. სულ ტყუილად. რაც უფრო მოინდომა ნონ ბარისოვნამ, მი უფრო გაცოფდა ბელადის გარდაცვალებით  შეწუხებული ისტორიკოსი.. მასწავლებლებიდან მხოლოდ ერთმა გააპროტესტა, მხოლოდ ერთი გამომესარჩლა. სხვები იდგნენ  უძრავად. ჩემს სახალხოდ შეჩვენებას დიდი ამბავი მოჰყვა მშობლების მხრიდან, მაგრამ რა? დირექცია      ბეჯითად  ამტკიცებდა, რომ ღირსეულად დავისაჯე.ყველაფერი     კი    იმით  დამთავრდა  , რომ  მაინც  ის  სკოლა  დავამთავრე.სულ ორი  სკოლა  იყო  ჩემი რაიონის   ცენტრში, ორივეგან  მსგავსი  სიტუაცია. ასე რომ,     დიდი  მნიშვნელობა  არ  ჰქონდა  პირველში  ვიქნებოდი  თუ  მეორეში. მაშინ  საბჭოეთის  ნებისმიერ  სკოლაში  შეიძლება  ეცემეთ  მსგავსი  გამონახტომისთვის. სკოლა  კი  აუცილებლად  უნდა  დამემთავრებინა. მოსწავლის  უფლებებს  ვინ  ჩივის, ადამიანი  ითვლებოდა  არარაობად  და  კიდევ  კარგი,   უკვე  ხრწნადაწყებული  იყო  ის  წყობა, გულმხურვალედ  რომ  ეთაყვანებოდნენ  მავანნი, თორემ  სახალხოდ  ბეთქს  ვინ  დამაჯერებდა  და  არც გააფთრებულ   მამაჩემს  შერჩებოდა   რაღაც-რაღაცები. ამიტომ მომაგონა კიმ ჩენ ირზე მგლოვიარე ხალხმა ჩემი  მასწავლებლები. მართალია, მწუხარებისგან გათანგულები  მუხლებზე არ ხოხავდნენ და არც ლოყებს  იხოკდნენ, მაგრამ განჯგონებულობით კორეელებს  ტოლს არ დაუდებდნენ.
     ბელადიანი    უფრო  სახალისო  ისტორიებიც  მახსოვს და  არა  მარტო  მე, რადგან  წარსულის   გახსენებისას    ყველაზე თავშესაქცევი  და    სახარხარო  ამბები   ამ   თაბაშირისა  ან  ტილო-ფანერზე   დახატულ გოროზად  მომზირალ ბიძია-ბაბუებს  უკავშირდება.  
  ჩემი  სკოლის  პირდაპირ  პატარა  სკვერში, როგორც  ყველა  საბჭოთა  ქალაქში,   დიდი   ბელადის  ოქროსფერი  ქანდაკება  იდგა.  დიდ    ბელად ზამთარ-ზაფხულ  ჟილეტ-პიჯაკში  იყო  გამოკვართული  და  ცალფეხწადგმული   მარჯვენა  ხელით,  სავარაუდოდ,   კომუნიზმის  გზას   გვიჩვენებდა. ყოველი  წლის  22   აპრილს  ამ  ძეგლთან 8-9 წლის  ბავშვებს პიონერებად  ნათლავდნენ. აქმე  ხდებოდა ასე:  პიონერთხელმძღვანელი    (იყო  ასეთი  შტატი  საბჭოეთის  სკოლებში, მოსწავლეთა  იდეურ-აღმზრდელობითი   დამუშავება  და  საბჭოთა  ბავშვად  გაჩენის  დიდებულების შთანერგვა, ანუ  ტვინების  გამორეცხვა რომ  ეხებოდა, როგორც  წესი,  მკაცრი  დეიდა),  დააწყობდა  საპიონერედ  გამზადებულ  ბავშვებს  საბჭოეისთვის  თავგანწირული  ჯეელის  სახელობის   რაზმებად  და  საყვირ-დაფდაფის  პრუწუნ-რახრახით  მწყობრი  ნაბიჯებით  მარშირებას  ასწავლიდა. დროდადრო ბელადის სიყრმისსურათიან  დროშასაც  აკოცნინებდა.   მერე  მოატანინებდ 3  მანეს, ყელსახვევისთვის  და  ბელადისსურათიანი  ბროშისთვის, დაავალებდ  ბეეეევრი  ყვავილის  მოტანას, გადარეკავდ  გზის  გადაღმა  ბელადის  სკვერში. იქ  რომელიმე  წარინებული  მოსწავლე  დასჭექდა   ძია  ლენინის  სადიდებელ   ლექსებს, დააპრუწუნებდნენ  საყვირებს, პატარები  ერთხმად  იბღავლებდნენ ,,ვფიცავ,ვფიცავ,ვფიცავ!" და  მორჩა, დაფიცებული  იყავი  პიონერიისა  და  საბჭოეთის  ერთგულებაზე. მოვიდა  ჩვენი  ჯერიც, ჰოდა, ვიტანჯებით, ვსწავლობთ  მარშირებას. ამ  ბლოგის  ავტორსაც  მოუწია   ლოშნა და  ზუსტად  ახსოვს, ფოჩიან  დროშას  მტვრისა  ნარწყევის  სუნი ჰქონდა.       მოახლოვდა  ნანატრი  22 აპრილი . დედამ  მეზობელი  ქალაქიდან  ტიტების  უზარმაზარი  თაიგული  მომიტან.  მოკლედ, ჩემნაირი  ძღვენი  ამ  საოცარ  ადამიანთან  არავის  მიაქვს  და  ძაალიან   ამაყი  ვარ. დაგვამწკრივეს  ძეგლის  ირგვლივ. მე  კუთხეში  მოვხვდი, ზემოდან  ავცქერი  ოქროსფრად  ავარვარებულ  კაცს  და  ჰოი, საოცრებავ, ეს  რა ვნახე!  ბელადს  ქუსლი   გამობრდღვნილი  აქვს!  ახლა,  ცოტა  ეჭვი  შემეპარა  ამ  კაცის  სიდიადეში. ქუსლგამობრდღვნილი   ფეხსაცმლით  მანამდე  მხოლოდ  კემე  მენახა(იყო  ასეთი  უცნაური  კაცი  ჩემს  ბავშვობაში).   ეგ  რაა, კიდევ  უარესი!.. მოგვიახლოვდა   დაწყებითის  მასვლებელი    და  ჩემს  კლასელს  და  მის  მეზობელს  ჩასჩურჩულა:   ზეიმი  რომ  დამთავრდება  ეს  ყვავილები (აქ  ხელი  წითლად მობრდღვიალე  ტიტებისკენ  გაიშვირა)    ჩემს  სახლში  წაიღეო. რადგან  ეს  ბიჭი  ჩემ  გვერდით  იდგა, პირწმინდად  გავიგე  ყველაფერი.  ერიჰააა!  ეს  კაცი  არ  ყოფილა  მთლად  ისეთი  სასწაული, როგორიც  გვეგონა,  თორემ  ან  ქუსლმორღვეული  ფეხსაცმელი  რატომ  ეცმევა  ან... ან მასწავლებელი  ყვავილებს  როგორ  მოპარავდა-მეთქი,  ვეუბნები  საკუთარ  თავს  განხიბლული  და  იმედგაცრუებული.   სწორედ  იმ  დღეს  დაიბადა  ეჭვი,   ორი  სიმართის შესახებ.   ერთი  ყველასთვის, რომელიც  სინამდვილეში  სიმართლე  სულაც  არაა, ილუზიაა  და  მეორე   სიმართლე, რომელსაც  სიმართლე  არ  ჰქვია  სახელად  და  რომლისთვისაც  შეიძლება  დაისაჯო  საჯაროდ  გატყეპვითაც  კი.ამას  მოგვიანებით  მივხვდი  და  წაკითხულ - გაგონილიც  დამეხმარა  გაგება-შეცნობაში. აპრილის  იმ  თბილ   და  მზიან  დღეს  კი  მხოლოდ  ეჭვი  დაიბადა. ის  თანდათან  გაიზარდა,   წყალში          ჩავარდნილი  ღრუბელივით  გაბევრდა. ერთიანად  ამოავსო  ჩემი  გონება.ცხადად  მახსოვს, რამდენ  ხანს  ვფიქრობდი  იმ  დღეზე  და  როგორი  დაეჭვებული  ვუყურებდი  ჩვენი  სკოლის  პირველ  სართულზე  ფანერისგან  გამოთლილ    ვიბორგის  ტყეში  არალეგალურ  ემიგრაციაში გაქცეულ ძია  ლენინს. ბოლოს  ისიც  კი  გავბედე,   ნაჭამი  ვაშლი  ჩავუგდე  წითელნათურაშენთებულ კარდალაში, ჩუმად, რასაკვირველია.  ვაშლის  ნარჩენი  დიდხანს  ,,იხარშებოდა" ილიჩის  წარმოსახვით  სადილთან  ერთად.  ამას  ყოველდღე  ვამოწმებდი  და  რატომ  ვიქცეოდი  ასე,  არ  ვიცი.      ერთ  დღესაც   კისერზე  ტროსგამობმული  ბელადიც  ვიხილეთ  ამწეზე  ჩამოკონწიალებული  და  ეს  ამავი   არც  არავის  გაკვირვებია,   არც  განჯგონებულებს. მათ  ახლა  სხვა  იდოლი  ჰყავდათ  გუმანში . მის  სახელს  გაჰყვიროდნენ  ხმამაღლა   და  მარქს-ენგელს-ლენინის  სურათებიც ადგილას  ახალი  ბელადების  სურათები  დაჰკიდეს.   განჯგონებულებისთვის  ერთი ბელადი და    სურათისთვის  ერთი  ლურსმანი   კედელზე  ყოველთვის  იარსებებს, რა  მნიშვნელობა აქვს  ვლადიმერი  ერქმევა, ზვიადი, ედუარდი, მიშა  თუ გრიშა.  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას  იმავე სკოლაში წარმატებით ასწავლიდა იგივე მასწავლებელი-მრავალი თაობის აღმზრდელი,  ჯერ პარტიული პრინციპების, მარქსიზმ-ლენინიზმის თაყვანისმცემელი, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოსა და ზვიადისტურად წოდებული მოძრაობის აპოლოგეტი, შემდგომ შევარნაძის იდეების მაქებარი და ბოლოს ნაციონალური მოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერი, რომელიც  შარან გავაცილეთ ლეონიდ ილიას ძესთან.   ბოლო დღეები ეკლესიაში ესვენა. მე რომ შევედი, არავინ იყო  სანთლების გამყიდველის გარდა. თავი ვაიძულე მეთქვა    მიპატიებია-მეთქი და მომეშვა.სიმძიმე, რომელიც ამდენი წელი ვატარე, მომეხსნა. პატიება უფრო ძნელია, მაგრამ სიმშვიდის მომტანი.        სკოლაშიც მიტომ დავიწყე მუშაობა, მინდოდა  უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე ჩემი მასწავლებლები იყვნენ.  რამდენად გამომივიდა, არ ვიცი. ღმერთმა იცის,  ძალიან ვცდილობდი.                 

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS