RSS

ყველაფერზე მეტი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი

             ამქვეყნად   ყველაზე  რთული   ადამიანად  დარჩენაა.  ის    ბიოლოგიურ  მოცემულობაზე   უფრო  მორალური  ვალდებულებაა  და  ზოგს  მხოლოდ  ჰგონია, რომ  შეუძლია  თავს  ასე  უწოდოს. ზოგი  კი  არა,  ყველა  ასე  ფიქრობს. არადა, მხოლოდ  სიტუაცია  წარმოაჩენს  ხარ  თუ  მხოლოდ  გგონია, რომ  ხარ.           ბედის  ირონიით,  აფხაზეთის    ომის   დროს   სოხუმში  მოვხვდი. ძველი   რაიონის  ერთ-ერთ  ცხრასართულიან  კორპუსში  სულ  რამდენიმე  ოჯახი  იყო  ჩარჩენილი. პირველი ,,ჩისტკა"  აფხაზებმა   და  კაზაკებმა  ჩაატარეს.  მთელი  უბნის  ჩარჩენილები  ჩვენს  კორპუსთან   მოიყვანეს. გაგვამწკრივეს. კაზაკი  სათითაოდ  აშტერდებოდა  სახეზე  და  თუ  ქართველად   მიიჩნევდა,  მეორე, განწირულთა  მწკრივში  აყენებდა. ზუსტად ისე, ნაცისტების   შესახებ ფილმში  რომაა, მაგრამ მაშინ  ასოციაციებისთვის  ნაკლებად  მცხელოდა  და  ერთადერთი,  ვისზეც   ვფიქრობდი, დედაჩემი  იყო.  ცხადად  ვხედავდი  ჩემს   ლოდინში  ჭიშკართან  მკვდარს,  რადგან   ჩემს  დაბრუნებამდე    სახლში  რომ  არ  შევიდოდა     და    აქედან  მე  რომ     ვერ  გავაღწევდი,    აშკარა  გახლდათ.


       ბედის  კიდევ  ერთი  ირონიით  ამ  მწკრივში    იდგა     ჩემი  კარგი   ნაცნობი, დედით  რუსი  და  მამით  ქართველი  სანია.  სანიას  მამიდა,  ციალა  ბიცო,  ჩემ  გვერდით  ცხოვრობდა  და  ყოველ  ზაფხულს  არდადეგებზე  მასთან  ჩამოსულს,  რა  თქმა  უნდა,  ხშირად  ვხვდებოდი. მერე  აღმოჩნდა, რომ  ერთ  კორპუსში  ვცოვრობდით.  დიდი  სალამ-ქალამი  მერეც  არ  გვქონია.  სანიამ   სულ  რამდენიმე სიტყვა  იცოდა  ქართულად  და  იმ  რამდენიმესაც  არ  ამბობდა   არასდროს   შეგნებითა  და  შეხედულებით  რუსი.            ამ  მწკრივში  აღმოჩნდა  ისიც  დედასა და  დასთან  ერთად,  რომლებიც,  როგორც  რუსები,  ეგრევე   გაათავისუფლეს.  მათთვის  არ  უკითხავთ   ტი  კტო?   ისედაც  აშკარა  იყო,  ფიზიონომიაზე  ეტყობოდათ   ეროვნება.   სანია  არ  დაიძრა. - Eй,  ты,  русский,   не  слышиш  вон  от  сюда!"- დაუყვირა  კაზაკმა.და  აქ  მოხდა,  რასაც   არავინ  ელოდა,  სანიასგან   მით  უფრო.-  Я не  русский  я  грузин! -ისე  ხმამაღლა,  ისე  ამაყად  თქვა, მთელი  აფხაზობა  და  კაზაკობა  მის  წინ  მოგროვდა.    ცხოვრებაში  არ  დამავიწყდება  არც  მისი  მშვიდი და  მტკიცე  ხმა,  არც  მისი  ბრაზიანი  გამომეტყველება,  არც  მისი  დაჭიმული  პოზა.  ყველა  როგორც  შეეძლო  ისე  ცდილობდა  თავის  გადარჩენას.  ზოგმა  ბერძენი  ვარო,  ზოგმა  სომხობა   დაიბრალა   და  ამას  რა  რჯიდა,  გადარჩენილი  დასახვრეტთა  გვერდით  რომ  დგებოდა.  რაღა  იმ  სიტუაციაში   დაუძახა  ჯიშმა  და  სისხლმა,  ერთი  ქართველი  ძმაკაციც  არ  ჰყოლია  არასდროს.  ყველაფერს  დავაბრალებდი  სანიას  მანამდე, მხოლოდ... ვაჟკაცობას - არა. რა  იყო  ეს,  თანაგრძნობა,  პროტესტი  ომს  თუ   სხვა    მეტაფიზიკური  რამ, ნამდვილად  არ  ვიცი. მაშინ  და  მერეც  დიდხანს  ვფიქრობდი  ამაზე. მწკრივში  განწირულთა    საცოდავ  სახეებზე  და  სანიას   წარმოუდგენელ   თავგანწირვაზე.

        დრო  ყოველთვის  გადააფასებს  რაღაცებს. მაშინ  ასე  გეგონა, მაგრამ  მერე  აღმოჩნდა, რომ  მთლად  ისე  არ  ყოფილა.  ხუნდება  მოგონება. იშვიათად, პირვანდელი სიმძაფრით  აღიქვა  რამე.  მხოლოდ  ძალიან   დიდ  ტკივილს  ინახავს  ტვინი   სამუდამოდ  და  შეუცვლელად.  ასეთ  მოგონებები  ბლომად მაქვს  და  ერთ-ერთია მწკრივში  დგომა  და  სანიას  ამბავი.  ადამიანად  დარჩა  ეს  ბიჭი ბოლომდე.  ეს  კი  უფრო  რთულია, ვიდრე  ქართველობა,  აფხაზობა  ან  რუსობა.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS