RSS

ყველაფერზე მეტი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი

             ამქვეყნად   ყველაზე  რთული   ადამიანად  დარჩენაა.  ის    ბიოლოგიურ  მოცემულობაზე   უფრო  მორალური  ვალდებულებაა  და  ზოგს  მხოლოდ  ჰგონია, რომ  შეუძლია  თავს  ასე  უწოდოს. ზოგი  კი  არა,  ყველა  ასე  ფიქრობს. არადა, მხოლოდ  სიტუაცია  წარმოაჩენს  ხარ  თუ  მხოლოდ  გგონია, რომ  ხარ.           ბედის  ირონიით,  აფხაზეთის    ომის   დროს   სოხუმში  მოვხვდი. ძველი   რაიონის  ერთ-ერთ  ცხრასართულიან  კორპუსში  სულ  რამდენიმე  ოჯახი  იყო  ჩარჩენილი. პირველი ,,ჩისტკა"  აფხაზებმა   და  კაზაკებმა  ჩაატარეს.  მთელი  უბნის  ჩარჩენილები  ჩვენს  კორპუსთან   მოიყვანეს. გაგვამწკრივეს. კაზაკი  სათითაოდ  აშტერდებოდა  სახეზე  და  თუ  ქართველად   მიიჩნევდა,  მეორე, განწირულთა  მწკრივში  აყენებდა. ზუსტად ისე, ნაცისტების   შესახებ ფილმში  რომაა, მაგრამ მაშინ  ასოციაციებისთვის  ნაკლებად  მცხელოდა  და  ერთადერთი,  ვისზეც   ვფიქრობდი, დედაჩემი  იყო.  ცხადად  ვხედავდი  ჩემს   ლოდინში  ჭიშკართან  მკვდარს,  რადგან   ჩემს  დაბრუნებამდე    სახლში  რომ  არ  შევიდოდა     და    აქედან  მე  რომ     ვერ  გავაღწევდი,    აშკარა  გახლდათ.


       ბედის  კიდევ  ერთი  ირონიით  ამ  მწკრივში    იდგა     ჩემი  კარგი   ნაცნობი, დედით  რუსი  და  მამით  ქართველი  სანია.  სანიას  მამიდა,  ციალა  ბიცო,  ჩემ  გვერდით  ცხოვრობდა  და  ყოველ  ზაფხულს  არდადეგებზე  მასთან  ჩამოსულს,  რა  თქმა  უნდა,  ხშირად  ვხვდებოდი. მერე  აღმოჩნდა, რომ  ერთ  კორპუსში  ვცოვრობდით.  დიდი  სალამ-ქალამი  მერეც  არ  გვქონია.  სანიამ   სულ  რამდენიმე სიტყვა  იცოდა  ქართულად  და  იმ  რამდენიმესაც  არ  ამბობდა   არასდროს   შეგნებითა  და  შეხედულებით  რუსი.            ამ  მწკრივში  აღმოჩნდა  ისიც  დედასა და  დასთან  ერთად,  რომლებიც,  როგორც  რუსები,  ეგრევე   გაათავისუფლეს.  მათთვის  არ  უკითხავთ   ტი  კტო?   ისედაც  აშკარა  იყო,  ფიზიონომიაზე  ეტყობოდათ   ეროვნება.   სანია  არ  დაიძრა. - Eй,  ты,  русский,   не  слышиш  вон  от  сюда!"- დაუყვირა  კაზაკმა.და  აქ  მოხდა,  რასაც   არავინ  ელოდა,  სანიასგან   მით  უფრო.-  Я не  русский  я  грузин! -ისე  ხმამაღლა,  ისე  ამაყად  თქვა, მთელი  აფხაზობა  და  კაზაკობა  მის  წინ  მოგროვდა.    ცხოვრებაში  არ  დამავიწყდება  არც  მისი  მშვიდი და  მტკიცე  ხმა,  არც  მისი  ბრაზიანი  გამომეტყველება,  არც  მისი  დაჭიმული  პოზა.  ყველა  როგორც  შეეძლო  ისე  ცდილობდა  თავის  გადარჩენას.  ზოგმა  ბერძენი  ვარო,  ზოგმა  სომხობა   დაიბრალა   და  ამას  რა  რჯიდა,  გადარჩენილი  დასახვრეტთა  გვერდით  რომ  დგებოდა.  რაღა  იმ  სიტუაციაში   დაუძახა  ჯიშმა  და  სისხლმა,  ერთი  ქართველი  ძმაკაციც  არ  ჰყოლია  არასდროს.  ყველაფერს  დავაბრალებდი  სანიას  მანამდე, მხოლოდ... ვაჟკაცობას - არა. რა  იყო  ეს,  თანაგრძნობა,  პროტესტი  ომს  თუ   სხვა    მეტაფიზიკური  რამ, ნამდვილად  არ  ვიცი. მაშინ  და  მერეც  დიდხანს  ვფიქრობდი  ამაზე. მწკრივში  განწირულთა    საცოდავ  სახეებზე  და  სანიას   წარმოუდგენელ   თავგანწირვაზე.

        დრო  ყოველთვის  გადააფასებს  რაღაცებს. მაშინ  ასე  გეგონა, მაგრამ  მერე  აღმოჩნდა, რომ  მთლად  ისე  არ  ყოფილა.  ხუნდება  მოგონება. იშვიათად, პირვანდელი სიმძაფრით  აღიქვა  რამე.  მხოლოდ  ძალიან   დიდ  ტკივილს  ინახავს  ტვინი   სამუდამოდ  და  შეუცვლელად.  ასეთ  მოგონებები  ბლომად მაქვს  და  ერთ-ერთია მწკრივში  დგომა  და  სანიას  ამბავი.  ადამიანად  დარჩა  ეს  ბიჭი ბოლომდე.  ეს  კი  უფრო  რთულია, ვიდრე  ქართველობა,  აფხაზობა  ან  რუსობა.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

ენდროსა და სიყვარულზე

      ქარია  გარეთ. ცივა  და  უამური  ამინდია. მარტია. დიდმარხვა  მთავრდება, აღდგომა   მოდის, მაგრამ  ეს ამბავი  ამაზე  არაა. ამბავი  სიყვარულზეა  და  ენდროზე. 

         შარშანწინდელ  ამბავს  ვიხსენებ.  წინასააღდგომო  დღეები   იყო.  ამ  დროს  ჩვენს    პატარა    ქალაქს     ციგნების  დიდი   ჯგუფი   სტუმრობს.   გრძელკაბიანი , გრძელსაყურეებიანი  ქალები     წითელი  ფხვნილით   სავსე   პლასტმასის  ვედროებით, პასკის  მოსართავი   ფხვნილით  და  სხვა  რამე-რუმეებით.  თიხის  ან    უზადოდ  გამოთლილი   ხის  კვერცხი- აფერისტი   თუ  გნებავთ,  სამ  ლარს  გადაიხდი  და   მოგართმევენ  მასაც.   ყოველთვის  გამოიძებნება   ამის   მსურველი ორი-სამი   ონავარიც,  ასე  რომ,     ქალბატონებს   დიდი  მუშტრობა  აქვთ.
     რადგან   ენდროსა   და  პასკის  ამბავი  მე  მევალება   ოჯახში, დავუყევი  ბორდიურზე  ჩამომსხდარ  ქალებს.  დავიბენი  სერიოზულად.  პლასტმასის  ვედროებში    კვასკვასა  წითლად  შეღებილი  კვერცხებიც  დევს  ფხვნილზე,   რეკლამისთვის.   რამ  დამაბნია  და..  ზოგი  ალისფერი  ფხვნილია, ზოგი  შავში  გადასული  შინდისფერი  და  ზოგიც  მოიისფრო. რომელი  იყო  შარშან  რომ  ვიყიდე  და  არ  გამომადგა,  ვერ  ვიხსენებ. დავდივარ   ვედროებს  შორის.  არც  ვუყურებ  სახეზე  გამყიდველებს. ნაწვიმარია,  ცივი,სუსხიანი  ქარი  ქრის.  გათოშილი  ვარ  და  მეჩქარება. 
    
 ,,ენდრო,ენდრო, მოდი  გოგო, იყიდე  ენდრო"..მკვეთრად არაქართული  აქცენტით  დამიძახა  ვიღაცამ. ღმერთო,  სად  გამიგია  ეს  ხმა,საიდან  მახსოვს  ეს    ბოხი  და  ხრინწიანი  ხმა? და  სანამ  მოვბრუნდი,  უკვე  ვიცოდი  ვინც  იყო . ,,ზინა,ზინა, ღმერთო  ჩემო,  ზინაა!"  დავუდექი   მოხუცს    წინ. ,, კი  ზინაა."  ვფიქრობ  ჩემთვის და  ხის  ყუთზე  მჯდარ   ქალს  ვათვალიერებ. როგორ  დაბერებულა?!  მოხუცს  ძალიან  გრძელი  ცხვირი, შავი,  ერთიანად  დანაოჭებული  სახე  და  ხელები  აქვს, სუსტი  და  წითლად  შეღებილი  თითებით  უფილტრო  სიგარეტს  ეწევა, როგორც მაშინ,  ორი  დიდი  ოქროს  ბურთი გრძელ  საყურედ,,, როგორც  მაშინ"-ვფიქრობ მე  ენაჩავარდნილი.  ,,როგორც  მაშინ"  კი  ოთხმოცდაათიან  წლებს  ნიშნავს.  როცა  სოხუმის  ერთ-ერთ  რაიონში,ძველს რომ  ეძახდნენ  იქაურები,  ახლობლის  კორპუსის  ირგვლივ  ციგნების  ბანაკი  ცხოვრობდა. ხშირად  ვსტუმრობდით  იმ  კორპუსს  და  ზინასაც  იქ  ვხედავდი.  მაშინაც  სუსტი,  გრძელცხვირა    და    მოხრილი  იყო,    ხელში  განუყრელი  უფილტროთი  და   ყურზე ოქროს  ბურთის საყურეებით. შფოთიანი   კერკულაის  და  ნუშკას  დედა.  სიგარეტებივით  დახვეული  ქაღალდები  ეწყო  პატარა  ყუთში  და  ერთ  მანეთად (მანეთად,  თუ  არ  ვცდები) მწვანე  თუთიყუში  ნისკარტით  ამოგიღებდა  ბედისა  და  იღბლის  ამბავს. კარტსაც  გაგიშლიდა და  ყავაშიც  ჩაგიხედავდა  თუ  ჭიქიანი  მიადგებოდი.  ჩემი  დიასახლისის  შვილები, როგორც  იქაურების  უმრავლესობა,   ძალიან  ახლობლობდნენ  ამ  ხალხთან. ზინა  ჩვენთანაც, ნოზაძის   ქუჩზე,  ე.წ.  ,,დეპოშნიკების"  კორპუსთან  მოდიოდა  საღამოობით,  ეზოში,  ნაძვებქვეშ  მკითხაობდა.  ხანაც  კერკულაის   ეძებდა.  კერკულაი  კი,  როგორც  გითხარით,  ძალიან  შფოთიანი  არსება გახლდათ  ჩემი  დიასახლისის  ვაჟთან,  რევაზთან,   მეგობრობდა.  ძალიან  საეჭვო  რაღაცებს   ავალებდა   ოხერი  რევაზი  კიდევ  უფრო  ოხერ  კერკულაის. მაგალითად,  ერთხელ   დაავალა  მამამისი   დაეშინებინა.  ჰოდა,  სამსახურიდან  თუ  შეყვარებულიდან   დაბრუნებილმა  შალიკომ  ჩვენი  კორპუსისკენ  რომ  ჩამოუხვია,  გამოუვარდა  კერკუ   ბასრი  დანით ,, ტი,სვოლოჩ,  ზაჩემ  მაიუ  ლუბიმუიუ  ნადიუ  ......, უბიუ, ზარეჟუ".  შევიდა  როლში  და  ბევრ-ბევრი   მსგავსი  სიტყვები  მოაყოლა.   ბოროტი  შვილები  მე-4  სართულის   აივნიდან    მხიარულად  უყურებდნენ  ამ  სცენას.  იმდენი  იშფოთა  ,,ნადიას  შეყვარებულმა", რომ  რევაზის  ,,ჩარევა" გახდა  საჭირო. ,, კაცო,  მე  ის  ნადია  პატიოსანი  ქალი მეგონა, კერკულაის რავა  ყვარობს? - ბურტყუნებდა  შინ  დაბრუნებული  შალიკო, შეშინებული , ღალატით  შეშფოთებული  და  გაფითრებულიც.  



      ყველაფერი  ეს   გამახსენა    ხრინწიანმა,  ბოხმა  ხმამ.  ჰოდა,  ვიდექი  იმ   სუსხიან  დღეს  მოხუცი  ქალის  წინ  და ისეთი  შეგრძნება  მქონდა, რომ  დრო  გაჩერდა, რომ  ისევ  იქ  ვარ,  ძველ  რაიონში.  ისევ  ზინამ  გამომაფხიზლა ,,что  смотришь? " ,,Зина, ты   Зина  да?  А где Нушка ? Как  Керкулай? " მივაყარე.  წამოხტა. რა  თქმა  უნდა,  ვერ  მიცნო.  სამაგიეროდ  ყველა  გაიხსენა, მათ  შორის  რევაზიც,  შალვაც, მეზობლებიც.  ზოგის  ამბები  ვიცოდი, ზოგის - არა. მერე  თავისიც  მითხრა. ამ  ჩია,  დალეულ  ქალსაც  ზუსტად  ის  ენატრებოდა, რაც  ჩვენ:ურთიერთობები . ყავაზე  რომ  დაპატიჟებდნენ, მერე  რომ  ჩაუხედავდა, ტყუილ-მართალით  რომ  გაამხიარულებდა.  ისიც  წამოსულა  სოხუმიდან, კერკუც, ნუშკა  გათხოვილა.( მაშინაც  დანიშნული  იყო). 
    გვისმენდნენ  სხვებიც, მოვგროვდით. აქეთ ციგნის  ქალები, იქიდან  ტაქსის  მძღოლები. მერე  ვიღაცმ  იკითხა,  ამას  თუ  იცნობდითო,  იმასო?
     ქარი  ჩადგა,  მაგრამ  გაწვიმდა.   სანამ  ვისაუბრებდით? აალაგეს  ქალებმა  ვედროები,  ცელოფნებით  გადაფარეს.  ენდროს  ეძებო? გაფაცურდა  ზინა.  საჭიროზე  მეტი   ჩამიყარა  პარკში.  ,,ბოგ  ზდაროვიაო"  ჩანთაში  ჩამიდო,   ორლარიანი  მიჭირავს  ხერხულად.  აშკარად  მეტისაა, მთელი  პარკი  მომცა  თითქმის.  ძლივს  მოუკრა  თავი. ,, ნე   ნადო, გოგო,  ნე  ნადოო“  თავის  დაჭკნარ, ენდროთი  შეღებილ  ხელებს  მიჭერს ხელზე.  მე  მაინც  ვიწევ.  
-ნე  ნადა ტებე  გავარიატ!-კატეგორიული ტონით  მეუბნება  უფრო  ახალგაზრდა,  ჩათქვირული  ქალი.   ნიკაპი  მიკანკალებს,  მაგრამ  არ  ვტირი. შემრცხვა   ნაცნობების.  ზინასთან  ჩახუტებაც  მომინდა, მაგრამ არ  ვაკეთებ,  ისევ  ნაცნობების  შემრცხვა.  ვდგავარ  ასე  უხერხულად  და  ჩემი  სირცხვილების  მრცხვენია.  ჩამოდგა   ავტობუსი .წავიდა ზინა  მოხრილი,  ძლივს  მიათრევს  ვედროს. კიდევ  კარგი,  იმდენს  მივხვდი,  დავწეოდი.  ავატანინე  ვედრო,მერე  მძღოლს  ფული  მივეცი,  მისი  და  მისი  ორი  მხლებელი  ქალის.  ,,აი,  აი, აიო“ იმ  გათქვირულმა.  მერე  კოხტად  დაკეცილი  და ძაფშემოხვეული  ქაღალდი  მომცა,  ენდროსთან  ერთად  ჩაყარეო. წავიდნენ,  გაქრნენ.

         ენდრო  ჩვენც  გვეყო  და  მეზობლებსაც. საოცრად  კვასკვსა  წითლად  შეიღება  კვერცხები.  აღარც  მახსოვს,  ასე  ლამაზად  ბოლოს  როდის  შევღებეთ. 
           შარშანაც  ველოდი   ზინას  ჩვენს  ქალაქში.  არ  მოვიდა.  ვიარე,  ვიკითხე, სხვა  ციგნები  იყვნენ.  არ  ვიცითო.  წავედი  მეზობელ  ქალაქში.  მთელი  დღე  დავდიოდი,  იქნებ  ვნახო-მეთქი.  ვერ  ვიპოვე. იმედია, წელს  მაინც  მოვა. თავს ვაჯერებ, რომ მოვა, მინდა, მოვიდეს.
     ეს  ამბავი და  ეს  სიყვარული   გამახსენა  დღევანდელმა  ქარმა  და  ამინდმა. სიყვარული სხვა  რაა?

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS