RSS

თათბირი

   თათბირი  არის  ადგილი, სადაც  ადამიანები ძირითადად  ამთქნარებენ,ცოტას   უსმენენ  და  ბევრს  კამათობენ . 
კამათის  თემა  ხანდაან  არც  ისე  მნიშვნელოვანია. მთავარია  სხვაზე  ხმამაღლა და  კატეგორიული  ტონით  გამოხვიდე. სანამ  დაიწყებდე   არ  უნდა დაგავიწყდეს  ხმის  ჩაწმნდა(ორი  მოკლე  ჩახველება) , ჭკვიანური  გამომეტყველების  მიღება  და შესაბამისი  მიმართვის  ფორმის  პოვნა, მაგ. მეგობრებო, კოლეგებო,პატივცემულო  საზოგადოებავ და  ა.შ. ,,მეგობრებო" გადასარევად  ერგება  უხსენებელი  კომუნისტების  ფავორიტ ,,ამხანაგოს".  სულაც  არაა  სავალდებულო    სემანტიკას  გამოდევნება.  უბრალოდ,  მიმართავ. განა  მართლა  მეგობარია? ეს  ჭეშმარიტება  მთქმელსაც და  მსმენელსაც დიდებულად  მოეხსენება, მაგრამ  ასეა  საჭირო,არაკეთილგანწყობილებაში  რომ  არ  დაგადანაშაულონ. გამოსვლის  ეფექტს  აძლიერებს შესაბამისი  ჟესტიკულაცია– საჩვენებელი  თითის  გარკვეული  ამპლიტუდით  გაქანება,მუშტის  დაკვრა , ხმაურით  წამოდგომა, წამოჭარხალება(  უკანასკნელი  განსაკუთრებით).






ფრიად პრაქტიკულია  აქტივობა  სათვალეთი.მოიხსნი–გაიკეთებ, მოიხსნი–გაიკეთებ, მოიხსნი–გაიკეთებ და, მორჩა, აღშფოთებული, თანაც, რაც  მთავარია, სამართლიანად  აღშფოთებული  ადამიანის სტატუსი  გარანტირებული  გაქვს  მომავალ  თათბირამდე.  ჩვენ  ამ  გამოცდილებითა  და  არავერბალური  სათათბირო  აფერისტობებით,მართალია, ვერ  დავიკვეხნით  (  სა  შეგვილია...), მაგრამ  ეს  ის  შემთხვევაა, როცა  უნდა  ვთქვათ  საბედნიეროდ!მშვიდი  საუბარი  თათბირი  არაა.ოჰ, არადა,არა!
   კი, სათვალეთი  მანიპულირება  ნამდვილად  ჭრის. ჯერ  ერთი, ეგზომ   ჭკვიანური  გამომეტყველების  დაყენებისთვის  ფრიად  შეუცვლელი  ნივთია, მეორეც, გამომსვლელს  ტემპერამენტის  და  სიმძაფრის შესაბამისად  შეუძლია სასურველი  ტრაექტორიით   გადააადგილოს  და  არც თუ  მშვიდობიანად დასვას  ოპონენტის  ჰაბიტუსზე. თეორიულად  ნამდვილად დასაშვებია  ამგვარი  რამ, ქმედებას კი არასდროს  არ შესწრებია   ამ  ბლოგის  ავტორი, შეუძლია  დაიფიცოს. სანაცვლოდ, ბევრჯერ  გაუგია, რომ ყველა  ჭკვიანი  სათვალეს  ატარებს, იმიტომ, რომ  ბევრი  კითხვა  მხედველობას  აფუჭებს. ვინ  კითხულობს  ბევრს? სწორია, ჭკვიანი! რა  გამომდინარეობს  აქედან? თუ სათვალე  გიკეთია  თავმოსაწონებელი  ტიტულის  მფლობელიც  ავტომატურად  ხდები. თუმცა, ამ სტერეოტიპს   მეორე სტერეოტიპი ძმაკაცობს, ამჯერად  უსიამოვნო.ჭკუასთან  ერთად  შუშის  დამხმარე  საშუალება  სიბერესთან  და,  უფრო  უარესი, პერმანენტულ  სიბრმავესთან  ასოცირდება და  პერსექტივაში  გასა თუ  გაუთხოვრებს  ვერ  მატებს  სასურველობას.  ალბათ ამავეს  ფიქრობდა  ჩემი  მეზობელი  ციალა, როცა  თავისი  დაფეხვილი  ფეხებით  გამოქცეული  ოდესღაც  ფუმფულა  და  შვიდლიტრიან  ძუძუ–მკერდში  მიკრავდა ,,სი დოიღურ  სკან ციალაქ, სი  მუშენ  გაღოლუ  თექის!" –გულწრფელი  შეძახილებით.(შენ  მოგიკვდა შენი  ციალა, შენ  რატომ  დაგემართა  ესო!–ვხსნი  მეგრულ ლინგვაში გაუთვითცნობიერებლებისთვის).   ცია  ბიცოს(ასე  ვეძახდი უხსოვარი  დროიდან)  მკერდიდან  აღლეტილს  უკვე  ეჭვი  შემეპარა ,,საფილოს"  ფასდაკლების  აქციით მოხიბლულის,სინამდვილეში  დაგოიმებულის, აღმოჩენაში, რომ  კითხვა  ვერტიკალურ  და  ჰორიზონტალურ  მდგომარეობაში  სათვალით  უფრო  სასიამოვნო  და  კომფორტულია  უსათვალოდ  მიცარზე  ალკორის (თუ  პირიქითაა) შემამჩნეველი  მხედველობისთვისაც  კი. ავცდი  თათბირის  თემას, მაგრამ როგორც ჩემი  ბავშვობის  მეგობარი  ჰოლდენ  კოლფილდი  იტყოდა, ყველაზე საინტერესო სწორედ  ისაა, რასაც  თემიდან  გადახვევისას  ჰყვებით.
      ახლა  ის, თუ  რას  არჩევენ  თათბირებზე. რას  არა! მაგრამ  თუ  მამიდა  არიადნაა  მთავარი  ორატორი? ოოო, მაშინ  უუუმნიშვნელოვანეს  საკითხად  შეიძლება  ჩაითვალოს  მაგ. უნდა  გაიშალოს  თუ  არა  მოსწავლემ  თმა? წარმოუდგენელი  ვნებათაღელვა    დაიხარჯება  ამ  ზოგადსაკაცობრიო  საკითხის  ჯეროვნად  განხილვისას.



გამოცდილი  მეთათბირენი  ყველა  ზემოთჩამოთვლილ  აქტივობას  მიმართავენ ჭეშმარიტების  დასადგენად და არადადებითი  ადამიანების  დასარწმუნებლად, რომ  გრძელი თმა  ნამდვილად უშლის  აღქმა–გაგებაში, რომ  არაესთეტურია, რომ  ყურადღებას  უფანტავს  და  ა.შ. 

აპა, რა! თმაგრძელი  და  ჭკუამოკლე  კიდევ  ერთი  სტერეოტიპია  და  არგუმენტი:,,ჯერ ერთი– იმიტომ,  რომ  უშლის. მეორე– იმიტომ,იმიტომ, რომ  უშლის. მესამე– იმიტომ, იმიტომ, იმიტომ, რომ  უშლის"   ნამეტანი  ჭკვიანური  საბუთია ! 
ყოველი  მცდელობა  უფრო  მნიშვნელოვან  საქმეზე  დროის  ხარჯვისა  მთავრდება  მამიდა  არიადნას გულისამაჩუყებლად  მშვიდი შეჯამებით,, დაჩქარებული  ტემპით  ვითარდება  და  შემდგომი  ამაღლების  ზრუნვით  არის  განმსჭვალული  ჩემი  ამჟამინდელი  განვითარება  და  ამასთანავე   ამ  კეთილშობილურ  მიზანშიდ  ჩაბმულია და ასევე  შემდგომ  ვითარდება  ჩემი  საქციელი–ეს  თქვენთვის, თქვენთვის  ვლაპარაკობ  მე–მოამაგე, წყაროდან  ჭიქას  ნუ  წამოიღებთ, წყარო–ჩვენია!"

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS