მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გადავწყვიტეთ ლაშქრობა ერთ ახლო, ლამაზ ადგილას.
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ მთა-თუშეთ-ხევსურეთ-მესხეთ-სვანეთ მოვლილს ჩემივე სახლიდან 10 კოლომეტრში არსებული ბუნების საოცრება არ მინახავს. ბავშვების წყალობით დავრწმუნდი ახლობლების საზაფხულო აკვიატების სისწორეში(დაცხება თუ არა, აქ მოექანებიან) და დავიფიცე, რომ ზაფხულში აქ კარავს დავცემ.
ეს ლელაა.
ხომ ვთქვი, ბუნება გვეხუმრა-მეთქი. დილა გათენდა მშვენიერი.,,რა დილა თენდება, სიმღერა მინდება"-აი ასეთი.
ავიბარგეთ, ჩავიბარგეთ სოფელ პირველ მაისამდე. უცნაური და კომუნისტური სახლი კი ჰქვია, მაგრამ სოფელი არის მშვენიერი და არც ისე შორს. უნდა გვენახა მდინარე მუნჩიას კანიონი, შვინდის და ბზის უნიკალური ტყე, ჩხაიას ჩანჩქერი, აქეთობისას ტაძრის ნაშთი,რომელსაც აია სოფიას უწოდებენ ხობელები, გვემღერა, გვეთამაშა, დაგვენთო კოცონი და ათასი მსგავსი სალაშქრო საქმე მოგველია.
ახლა მდინარე მუნჩიაზე ორიოდე რამ: სათავეს ურთის მთის კალთაზე იღებს, საკმაოდ წყალუხვია.საზრდოობს ნაწრეტი,წვიმის და მიწისქვეშა წყლებითაც. ჩაედინება მდინარე ჭურიაში .
მხოლოდ მუნჩიას ეტყობოდა წუხანდელი კოკისპირული. ამინდი მართლაც სანაქებო, თბილი.
რაზე საუბრობენ მასწავლებლები თავისუფალ დროს? სწორია-მოსწავლეებზე. შევყევით მე და ლელა და გაიჭრნენ ბავშვები წინ. მიხვეულ-მოხვეულში ვერ ვხედავთ,მაგრამ სიცილი და სიმღერა გვესმის, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა, მშვიდად ვართ. მივადექით კლდეს. არც თუ ისე მაღალს, მაგრამ საკმაოდ დამღლელს. რაღას ვიზამდით, ავუყევით.
მოვექეცით წვერზე, გადმოვიხედეთ ვალმოხდილებმა და... დგანან ჩვენი ბავშვები კლდის ძირას და იცინიან. თუუურმეეე... ვიწრო ბილიკი და აუქცევ გვერდს. იცოდნენ და არ გვითხრეს. რაღას ვიზამდით, დავიწყეთ დაშვება, რაც ასვლაზე რთული აღმოჩნდა, რადგან ნაშალი კირქვა მიწა გვეცლებოდა ფეხქვეშ. სიამაყით აღვნიშნავ, რომ მაშველი დასჭირდა ლელას!!
ეს გიორგია, ლელას მშველელი
ამ სურათს კი ამაყი ალპინისტები ჰქვია
ამ სურათს კი ამაყი ალპინისტები ჰქვია
ჩავედით ჩანჩქერამდე. მდინარე მუნჩია ვიწრო ხეობაში წყალვარდნილს ქმნის. ირგვლივ რცხილა-წიფლით შემოჯარულ პატარა ჩანჩქერთან მზე ვერ აღწევს, რის გამოც ნამდვილი სამოთხეა ზაფხულის ხვატში და იდეალური საბანაო ადგილი.
ეს კი კახაა. როგორ აძვრა მანდ,ცოცხალი თავით არ გაამხილა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწვიმარი იყო და მდინარეც ამღვრეული, ჩანჩქერთან წყალი იყო კამკამა და იმდენი ლიფსიტა დაცურავდა, ხელითაც დაიჭერდა მონდომებული კაცი. ოღონდ შოთიკომ ბაყაყის დაჭერა არჩია და ჩვენს დასაშინებლად. მანამდე მოზრდილი კალია იპოვა სადღაც და დააწიოკა გოგონები.
მე პირადად, კალიის კი არა, მისი შორეული წინაპრის, არქეოპტერიქსისაც არ მეშინია და სულერთია განწყობა რომ შეგვატყო მე და ლელას, მერე გადაწყვიტა ბაყაყის ექსპერიმენტის ჩატარება.
ჩვენ ვერა, მაგრამ საცოდავ ამფიბიას ნამდვილად გაუხეთქა გული და კატეგორიულად მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება.
სულ ტყუილად ინერვიულა ბაყაყუნამ.არაა ცუდი და მწვალებელი კაცი შოთო.


ავუყევით მაღლა მდინარეს. გავედით ულამაზეს მდელოზე, ირგვლივ ბზისა და შინდის ტყე - შემოდგომის ფერებით. ხუთი კილომეტრის გავლისა და არც თუ ისე იოლი კლდის გადავლის შემდეგ მე გამოვიყურებოდი ასე:
ლელა ასე:
ბავშვები ასე:





ეს სკოლიდან გვირეკავენ და გვეკითხებიან სად და როგორ ვართ:

ეს მეგია და მასზე გადმოფრქვეული ნათება. ასე აღიქვა ჩვენმა ფოტოაპარატმა მზის ულტრაიისფერი გამოსხივება. ძალიან საინტერესო ფოტო მგონია, პირადად.

