RSS

ლაშქრობა



     რა  არის  გაკვეთილის  გაცდენაზე  საამო  მოსწავლისთვის?  ამ  რიტორიკული  კთხვაზე  ერთი  პასუხი  აქვს  მსოფლიოს  მოსწავლეთა სრულ  უმრავლესობას-გაკვეთილის  გაცდენაზე  საამო  შეიძლება  იყოს  მხოლოდ გაკვეთილების  გაცდენა.  თუ ეს   სიამოვნება  ექსკურსია-ლაშქრობის  მიზნით  ხდება, დიიდხანს  შეიძლება  ბედნიერების  განცდამ  არ  დაგტოვოს. ხანდახან  მთელ  ცხოვრებას  გიხალისებს    ის   მშვენიერი  დღე.  ვიცით, ეს  ყველაფერი  ვიცით,ძვირფასო  მოსწავლეებო.  ყველანი  ბავშვობიდან  მოვდივართო- ბიძია  ეკზიუპერმა  და  ჩვენს  ბავშვობასაც ალამაზებენ  მსგავსი  დღეები.  
    მოკლედ, თავი  რომ  არ  შეგაწყინოთ, გადავწყვიტეთ  ლაშქრობა  ერთ  ახლო, ლამაზ  ადგილას.


 ჩემდა  სამარცხვინოდ  უნდა  ვაღიარო, რომ  მთა-თუშეთ-ხევსურეთ-მესხეთ-სვანეთ  მოვლილს  ჩემივე  სახლიდან  10  კოლომეტრში  არსებული  ბუნების  საოცრება არ  მინახავს. ბავშვების  წყალობით  დავრწმუნდი  ახლობლების  საზაფხულო  აკვიატების  სისწორეში(დაცხება  თუ  არა, აქ    მოექანებიან)  და  დავიფიცე, რომ  ზაფხულში  აქ  კარავს  დავცემ. 

        მე-9-მე-12  კლასები  გავერთიანდით, შევტანხმდით  მარშრუტზე, რა  გვჭირდებოდა  და  რა  არა. ლელამ, მე-12  კლასელთა  ,,დედამ",  ითავა  ეგ  ამბავი.  მე  ტექნიკური  მხარეები   მოვაწესრიგე, დირექტორის   დარწმუნება   და  მსგავსი  არცთუ  იოლი  საქმეები.  გადაწყდა, მივდივართ  ხვალ, უეჭველი! ნოემბრის  თბილი,  მზიანი  დღეები   გაავდრებას  არ  აპირებდა, amiundi.ge-ც  თბილ  დღეს  გვპირდებოდა. მაგრამ  ცუდად  გვეხუმრა  ბუნება. საღამოს  დასცხო  კოკისპირულმა, მთელი  ღამე  წვიმდა. ლელა  ყოველ  ნახევარ  საათში  მირეკავდა, რა  ვქნათო. მაგრამ  რადგან   შეთანხმებულები  ვიყავით, ჯანდაბას, დავსველდეთ, რაც  იქნება, იქნება-მეთქი  და  აღფრთოვანებული  დამეთანხმა  ეს  ფრიად  გაწონასწორებული  და  დინჯი  ადამიანი.  მართალი  გითხრათ, ველოდი, რომ  გადამათქმევინებდა  და  ხვეწნის  შემდეგ  დანებებასაც  ვგეგმავდი, მაგრამ  ნურას   უკაცრავად! წავედით  მოკლედ.




ეს  ლელაა.  

ხომ  ვთქვი,  ბუნება  გვეხუმრა-მეთქი.  დილა  გათენდა  მშვენიერი.,,რა  დილა თენდება,  სიმღერა  მინდება"-აი  ასეთი.

ავიბარგეთ, ჩავიბარგეთ  სოფელ  პირველ  მაისამდე.  უცნაური  და  კომუნისტური  სახლი  კი  ჰქვია, მაგრამ  სოფელი  არის  მშვენიერი  და   არც  ისე  შორს.  უნდა  გვენახა  მდინარე  მუნჩიას  კანიონი, შვინდის  და    ბზის  უნიკალური    ტყე, ჩხაიას  ჩანჩქერი, აქეთობისას ტაძრის ნაშთი,რომელსაც აია სოფიას   უწოდებენ  ხობელები, გვემღერა, გვეთამაშა, დაგვენთო  კოცონი  და  ათასი  მსგავსი  სალაშქრო  საქმე   მოგველია.




  ახლა  მდინარე  მუნჩიაზე  ორიოდე  რამ:  სათავეს  ურთის  მთის  კალთაზე იღებს, საკმაოდ  წყალუხვია.საზრდოობს  ნაწრეტი,წვიმის  და  მიწისქვეშა  წყლებითაც.  ჩაედინება  მდინარე  ჭურიაში .




მხოლოდ  მუნჩიას  ეტყობოდა  წუხანდელი  კოკისპირული. ამინდი  მართლაც  სანაქებო, თბილი.

    რაზე  საუბრობენ  მასწავლებლები  თავისუფალ  დროს? სწორია-მოსწავლეებზე. შევყევით  მე  და  ლელა  და  გაიჭრნენ  ბავშვები  წინ.  მიხვეულ-მოხვეულში  ვერ ვხედავთ,მაგრამ  სიცილი  და  სიმღერა  გვესმის, ესე იგი, ყველაფერი  კარგადაა, მშვიდად    ვართ. მივადექით  კლდეს. არც თუ ისე  მაღალს, მაგრამ  საკმაოდ  დამღლელს. რაღას  ვიზამდით, ავუყევით.


 მოვექეცით  წვერზე,  გადმოვიხედეთ   ვალმოხდილებმა და...  დგანან ჩვენი  ბავშვები  კლდის  ძირას  და იცინიან. თუუურმეეე... ვიწრო  ბილიკი  და  აუქცევ  გვერდს. იცოდნენ  და  არ  გვითხრეს. რაღას  ვიზამდით, დავიწყეთ  დაშვება,  რაც  ასვლაზე  რთული  აღმოჩნდა, რადგან  ნაშალი  კირქვა მიწა  გვეცლებოდა  ფეხქვეშ. სიამაყით  აღვნიშნავ,  რომ  მაშველი  დასჭირდა  ლელას!! 








ეს  გიორგია, ლელას   მშველელი


ამ  სურათს  კი  ამაყი  ალპინისტები  ჰქვია







ჩავედით  ჩანჩქერამდე.  მდინარე  მუნჩია    ვიწრო  ხეობაში  წყალვარდნილს  ქმნის. ირგვლივ  რცხილა-წიფლით  შემოჯარულ  პატარა ჩანჩქერთან   მზე  ვერ  აღწევს, რის  გამოც  ნამდვილი  სამოთხეა  ზაფხულის  ხვატში  და  იდეალური  საბანაო  ადგილი.

 ეს  კი  კახაა.  როგორ  აძვრა  მანდ,ცოცხალი  თავით  არ  გაამხილა.


მიუხედავად  იმისა, რომ  ნაწვიმარი  იყო  და  მდინარეც  ამღვრეული, ჩანჩქერთან  წყალი  იყო  კამკამა  და  იმდენი  ლიფსიტა  დაცურავდა, ხელითაც  დაიჭერდა  მონდომებული  კაცი. ოღონდ  შოთიკომ  ბაყაყის  დაჭერა  არჩია  და  ჩვენს  დასაშინებლად. მანამდე  მოზრდილი  კალია  იპოვა  სადღაც  და  დააწიოკა  გოგონები.

 მე  პირადად, კალიის  კი  არა,  მისი  შორეული  წინაპრის, არქეოპტერიქსისაც  არ  მეშინია  და  სულერთია   განწყობა  რომ  შეგვატყო  მე  და  ლელას,  მერე გადაწყვიტა  ბაყაყის  ექსპერიმენტის  ჩატარება. 

ჩვენ  ვერა, მაგრამ  საცოდავ  ამფიბიას   ნამდვილად  გაუხეთქა  გული  და კატეგორიულად  მოვითხოვეთ  მისი  გათავისუფლება. 

სულ  ტყუილად  ინერვიულა  ბაყაყუნამ.არაა  ცუდი    და  მწვალებელი   კაცი  შოთო.











ავუყევით  მაღლა  მდინარეს.  გავედით ულამაზეს  მდელოზე,  ირგვლივ  ბზისა  და  შინდის  ტყე  -  შემოდგომის  ფერებით.  ხუთი  კილომეტრის  გავლისა  და   არც თუ  ისე იოლი  კლდის  გადავლის შემდეგ  მე  გამოვიყურებოდი  ასე:


ლელა   ასე:




ბავშვები  ასე:





















ეს  სკოლიდან  გვირეკავენ  და  გვეკითხებიან სად  და  როგორ  ვართ:



             


ეს  მეგია  და  მასზე  გადმოფრქვეული  ნათება. ასე  აღიქვა  ჩვენმა  ფოტოაპარატმა  მზის  ულტრაიისფერი   გამოსხივება.  ძალიან  საინტერესო  ფოტო  მგონია, პირადად.







ცოტა  დავისვენეთ  და  დავადექით  გზას  ხობის  აია   სოფიასკენ.  

     ცოდვა  გამხელილი  ჯობია  და  მე  ლა  ლელა  უკვე  ვნატრობდით  წვიმას.  ძალიან  დავიღალეთ  და  ბავშვებსაც  აღარ  ეტყობოდათ  დიდი  რიხი.  ავუყევით ორკილომეტრიან  აღმართს.    ისინი  სირბილით, ჩვენ-ოხვრით.   გავიხედეთ, ზის  ირაკლი, მოლაშქრეებში  ყველაზე  მძიმეწონიანი  და  გონებამახვილიც.   დაგვინახა  და  მორთო :,,ბავშვებო, ცუდადაა  ლელა, ჩა-მო-დიიით!" (ლელა  მისი  კლასის  ,,დედაა", მე   ,,ექსდედა"). გავიხედეთ,  ჩამორბიან  კისრისტეხით.

     დავბანაკდით  აქვე.  დავანთეთ  კოცონი.  მეგიმ  ითავა  ეს  ამბავი  და  ძალიან  იყოჩაღა. 


ირბინა, ირბინა  კახამ  და  ...


გზამ  შინისაკენ  ბონდის  ხიდზე  გადაიარა



ღამდება  უკვე.  მავთულზე   შემომსხდარ   მერცხლებს  ხომ   ჰგვანან?



აქ    საძაგლები  ხიდს  არყევენ  და  ლელა  ძლივს  ინარჩუნებს  წონასწორობას. პრინციპულად  არ  დავდებ  ჩემი  ისტორიული  მალაყის  ფოტოს.

   მოკლედ, ძალიან   დავიღალეთ,  მაგრამ   დღე  იყო  მშვენიერი,  საინტერესო. 
   ველოდებით  გამოზაფხულებას.  შეგულებული  გვაქვს ახალი  მარშრუტი. 
  მომავალ   ლაშქრობამდე!


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 коммент.:

Отправить комментарий