RSS

პედრო, ბიჭო, პედრო!

     როგორ შორს შეიძლება   წაგიყვანოს   ზოგჯერ სრულიად გამოუსადეგარმა ნივთმა, მაგალითად, საღეჭი რეიზნის ეტიკეტმა, თუ რაც ჰქვია, რაშიცაა გახვეული.

                                                        
     უხსოვარ წარსულში, როცა ჯერ კიდევ და მომაკვდავ, მაგრამ მაინც დიადად წოდებული საბჭოეთის ბავშვი მერქვა, ბევრი უცნაური და გაუგებარი ამბები ხდებოდა.
    ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუგებრობა კევ ,,პედროს" ეხებოდა.ვერაფრით ამეხსნა:
1. დეიდაშვილ-ბიძებისგან საზღვარგარეთიდან სპეციალურად ჩვენთვის ჩამოტანილ  ამ  საოცრებას რატომ მიიჩნევდა ლოლა ბებია კუჭის გამღიზინებლად და ჩემი გაჩხიკულობისა და უმადობის მთავარ მიზეზად, როცა    მას ენით   აუწერელი, საყვარელი გემო ჰქონდა და სულაც არ უკავშირდებოდა ხორცეულისადმი ჩემს სიძულვილს.  კევის გარეშეც რაც შეეძლოთ ყველაფერი წარმატებით შემაძულეს ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში.   
2. რატომ ითვლებოდა კევის ღეჭვა სკოლაში სამშობლოს ღალატის ტოლფას დანაშაულად?
3. თუ ის იყიდებოდა ე.წ. ,,ბონების" მაღაზიებში,  საბჭოთა კიოსკებმა(სავაჭრო დაწესებულებაა)გასტრონომებმა (ეგეც)რა დააშავეს?
      ახლა იმასაც აგიხსნით რა იყო ,,ბონების" მაღაზია.  ეს იყო სპეციალური, განსაკუთრებული სავაჭრო ობიექტი, სადაც ასევე განსაკუთრებული ვალუტა ე.წ. ბონები მიიღებოდა და საბჭოეთის უკიდეგანო სივრცეში სულ რამდენიმე არსებობდა.   ერთი მათგანი ფოთში, ჩემს დედულეთში  და  უსაყვარლეს ქალაქში. და რომ დაეცვათ საბჭოთა საზოგადოება საზიზღარი კაპიტალისტური ცხოვრების წესისა და გურმანული მიდრეკილებებისგან,   ცენტრალური კომიტეტის მიხრწნილი მმართველების ,,ღვთითგასხივოსნებული" გონი საბჭოთა ადამიანებს სასტიკად უკრძალავდა აღნიშნულ ობიექტებში თვალისა და ჩიჩახვის გახარებას.  ქართველი საბჭოთა ადმიანები დიდად არ დაგიდევდნენ  ამ აკრძალვას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შემდგომში  лицо     кавкаской  национальонст-ად   შერაცხული გრუზინები, ზოგადად , არაკანონმორჩილი ხალხი იყო და ,,ღვთითგასხივოსნებულების" დირექტივების  თავისებურ ინტერპრეტირებას ახდენდნენ.   მეორე- წუწკადმიდრეკილები  გახლდნენ  საზიზღარკაპიტალისტური  სიამეებისაკენ;   მესამე- სანატრელი ვალუტის მფლობელი ძალიან ცოტა იყო დიად საბჭოეთში. აქედან გამომდინარე, სუკ-ის მიერ მკაცრადთვალყურდევნებულ ამ აკრძალვას საქართველოში დიდი გასავალი არ ჰქონია. ვისაც თვალი და გული ხარისხიანი ტანსაცმელ-დასალევისკენ მიუწევდა,  შოულობდა კიდევაც იმ  ბონებს. კი იყო აკრძალული, მაგრამ      იმ  პერიოდის  სენტენცია- кто не   рискует тот  не  пет  шампаского-   ამძაფრებდა  კარგ  ცხოვრებაზე  მონადირეთა  ინსტიქტებს.
      ნაწყალობევი  ბონებით  ნესტიანი  ქალაქის  უცნაური  მაღაზიისკენ  გეზაღებულ  ჩემი  ოჯახის    სრულწლოვან  წევრებს კი გულწრფელად  აფრთხილებდა  დეიდაჩეის  საუკეთესო  მეზობელი   ვენერა: ,,შეკრულები არიან, დედა, მაი გათახსირებულები კეგებესთან, არ წეიხდინოთ თავი თვარა გამოგაბუნძულებენ სამსახურიდანო".
გათახსირებულებში გამყიდვლებს გულისხმობდა ქალბატონი დეიდა ვენერა  და არც თუ უსაფუძვლოდ.საკუთარ  თავზე  გამოსცადა  ჩამშვებ   გამყიდველთა  მსახვრალი  ხელი.   ძვირად  დაუჯდა   საცოდავად  ნაშოვნი  ბონებით  თავისი დედისერთა,        ,, ბონიემის" სოლისტს საეჭვოდ  დამსგავსებული  ვალერას  გაბედნიერება.   გამყიდვლად  განწესებუ     ყოფილ მოსწავლეს  დაბრალდა  მისი პარტიულ-  კოლექტიური  შეჩვენება.  მოსწავლე-მასწავლებლის  ურთიერთობის  რომელ  ეტაპზე  რ შესცოდა  პატივცემულმა  ვენერამ,  ამს  არც  თვითონ  ამბობდა  და  არც  მეოცე  საუკუნის  იუდას  გაუმჟღავნებია.  ბოროტი   ხმები  ყველაფერს  ჭუკულიას, ხსენებული  ქალბატონის  ერთადერთ,  შფოთიან, ბელადებისა  და მთავრობის   უხამსმეტაფორულად მომხსენებელ  მეუღლეს  აბრალებდნენ  ირიბად  . ირიბად  იმიტომ, რომ  დაბარებია-დაკითხვობიისას  ჭუკულია (ნამდვილად  ასე  ერქვა)  საბჭოეთის  შორეულ  ჩრდილოეთში  გახლდათ  განსაკუთრებული  რეჟიმის  ,,კურორტზე" ხანგრძლივად  მივლინებული   მორიგი  მახვილსიტყვობის  გამო. მის  ოჯახ   კი  დერჟინსკ-ბერიას  დაარსებული  დაწესებულების  თანამ შრომლები მკაცრად  აკონტროლებდნენ  და,  რა თქმა  უნდა, არ  აპატიებდნენ   ოცრეალიზმიდან  გადახვევას.   ფაქტი  ფაქტად  დარჩა, ყველაფერი  იყო  ასე. ამ  ვერსიასაც  ჰქონდა  არსებობის  უფლება   და  ვენერა მართალი  გახლდათ  კგბ-ს   ამბავში.
       საბჭოთა მთავრობას აუცილებლად უნდა სცოდნოდა ვინ რას იცვამდა, ამოიცვამდა, გადაიცვამდა, ჩანთქავდა, რა სახსრებით  და, რაც ყველაზე მთავარია, რატომ ამჯობინებდა ამხანაგი ჯინჯიკო(სახელი პირობითია)  გემანიაში  დამზადებულს მშობლიურ ხონისა და სამტრედიის სამკერვალო ფაბრიკებში წარმოებულს!  მაგრამ კგბ, ყველა  საბჭოელისთვის და არასაბჭოელისთვისაც თავზარდამცემი ორგანო , იმ პერიოდისთვის ისეთივე მოფამფალებული იყო, როგორც ყველა კბილი ცკ-ს მდივნების "მარადჭეშმარიტებისმფრქვეველ" ღრუში  და  მისი თანამშრომლების მორალურ-იდეური მდგრადობა  შეთავაზებული  ქრთამის ოდენობით იზომებოდა. ყოველივე ეს კარგად უწყოდნენ  შემდგომში   ლიცო  კავკაზსკი  ნაციონალნოსტებადშერაცხულებმა  და ბონების ნაწილს გადადებდნენ ყოველი შემთხვევისთვის, რამეთუ ანდაზა ,,ვისაც თევზი უნდა, ფეხის დასველებაც    უნდა  შეეძლოს", უმღლესი კანონი იყო მათ ტრადიციულ-ჯიგრულ–გრუზინულ გაგებაში. 
      მაშ, ვინ იყო ის ბედნიერი, ვისაც ლეგალურად შეეძლო ევლო ამ მაღაზიებში  და ეყიდა რაც სურდა უშიშრად? ესენი გახლდნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც განსაკუთრებით მრავლად იყვნენ მეგობარი აფრიკიდან,  კუბიდან და  საზიზღარი კაპიტალიტური ქვეყნებიდანაც (ამითაც აიხსნება ასეთი მაღაზიების არსებობა საპორტო ქალაებში) და  მეზღვაურები.   რატომ და რისთვის  უხდიდა   საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფო საბჭოთა ადამიანებს  გასამრჯელოს ნახევარს ბონებით, დიდ კომერციულ საიდუმლოებად რჩება დღემდე.   ამ უკანსკნელთა კასტის წევრი იყოს ჩემი უთვალავი ბიძა-ბიძაშვილ-დეიდაშვილი,    აქართველოს უპირველესი საპორტო ქალაქის ძირძველი მოქალაქეები.  მათი წყალობით მე და ჩემი ძმა ხშირად ვახერხებდით ნერვების აფორიაქებას ზემოთაღნიშნულ სავაჭრო დაწესებულებაში. (იხარე ჭერო, მოკვდი მტერო!).



                                                     







    აქ გვიყიდეს ნამდვილი ,,ადიდასის" სამზოლიანი სპორტულები(რითაც თავმოწონება და გახარება არ შემარგო ფიზკულტურის მასწავლებელმა, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბარია და ოდესმე ალბათ დავწერ საბჭოთა სკოლის ტკბილ-მწარე დღეებზე),   ბოტასები, ბურთები.  














მახსოვს, მამაჩემის ნაღვლიან-ღიმილიანი მზერა შვილების სპორტულ აღტკინებაზე.  ჯადოსნურად მოქმედებდა  ლურჯ ფონზე ადიდასის თეთრი ლოგო. მოგვიანებით, სპორტულები ვრანგლერის ჯინსებით ჩაანაცვლა ჩემმა ძმამ, მაგრამ იმ დღეების უღიმილოდ გახსენებას ვერ ვახერხებ, ახალნაყიდ ადიდასის ბურთს რომ ჰკოცნიდა ძვირფასი დედმამიშვილი.  აქვე,ამ მაღაზიაში  ვყიდულობდით ლეგენდარულ ,,პედროს"-საღეჭ რეზინს, რომლის სუნი და გემო ახლაც მახსოვს, რომელთან დაკავშირებულია    პირველად  ცხოვრებაში   ყურის აწევა  მასწავლებლისგან(სამწუხაროდ არაუკანასკნელად)     და   პირველი ბიზნეს-გარიგებები.  
    მაგალითად, სახლიდან სკოლამდე ჩემი    ანთის თრევა ორი  პედრო ღირდა.  ერთ პედროდაც წაუღთ.   სკოლიდან სახლამდე- არანაკლებ ორი  პედრო. მანძილი კი იყო იგივე, მაგრამ სკოლიდან უფრო დაღლილი ვბრუნდებოდით, შესაბამისად, ძვირი ღირდა დაქირავებული შრომა. მუსიკის ჩანთა სიმსუბუქის გამო ნახევარ კევადაც წასულა. აწყობილი მქონდა ცხოვრება! ჩემი ძმა და მეზობლის ბიჭები რიგში იდგნენ.  ფასობდა არა მარტო კევი, არამედ კევის ქაღალდიც. მისგან  ქამრებს  ვწნადი  . საერთოდ, კამფეტების, კონსერვის ეტიკეტებისგან  რაღაცების დაწვნა მაშინდელი ბავშვების საყვარელი საქმიანობა იყო. ახლა ნაკლებად ერთობიან მსგავსი თამაშებით. შარშან დასვენებაზე მომიცუნცულა ერთმა მეხუთეკლასელმა გოგონამ კარგა ბლომად ეტიკეტი, ბიჭისთვის წაურთმევია. რაღაცაზე იყო აღშფოთებული და   გაკაპასებული  აცანცარებდა ცეცხისფერ კიკინებს. ასე მეგონა, ბავშვობაში დავბრუნდი. რა თქმა უნდა, დავუბრუნე ეტიკეტები პატრონს და დაწვნის ხერხიც ვასწავლე. იმ წუთამდე თვითონაც არ ვიცოდი, თუ მახსოვდა. უნდა გენახათ როგორ მიყურებდა  ორივე! ერთს ზედ ეწერა ,,ეს ვერაა!", მეორეს.. პრინციპში, მეორესაც ეგ აზრი აწვალებდა, მგონი!
       იცოდნენ რა ჩვენი გადარეული სიყვარული  bubble  gum-ისადმი,  აურაცხელი ბიძა-დეიდაშვილ-ბიძაშვილი   დედაჩემის აქტიური პროტესტის მიუხედავად ამ საჩუქრით გვანებივრებდა.სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი ბიზნეს ვუმენობა და საზიზღარი კაპიტალისტური აზროვნება ახალგაზრდობის გარიჟრჟზე. არ იქნება იმის მიხვედრა ძნელი, რომ ყველაზე უფრო კარგად დაწნული და დიდი  ქამარი მე მქონდა, რომელიც აღებ-მიცემობის ჩემეულ ბიზნესში ასევე წარმატებით გამოიყენებოდა. გემო გემოდ და როგორ კარგად იბერებოდა!რამდენი ნიძლავი მაქვს მოგებული!გავბერავდით და შემდეგ კომპეტენტური ჟიური არკვევდა ვისმა აჯობა. მე ნამდვილი ჩემპიონი გახლდით. იმხელა ბუშტები გამომდიოდა მთელ სახეს მიფარავდა. თუმცა,უნდა ვაღიარო, რომ ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება პედროს გაბერვადობის კრიტერიუმად, რადგან სახეც ტანის შესაფერი, ანუ მახათივით მქონდა  და მის დაფარვას ჩემპიონის ფილტვები სულაც არ სჭირდებოდა. "სპორტის" ეს სახეობა უსაფრთხოც არ იყო, რადგან შეიძლებოდა გამსკდარიყო და მთელ სახეზე დაგკროდა რეზინის საზიზღარი თხელი ფენა. თმებამდე თუ ააღწევდა, მით უფრო უსიამოვნო ამბავი  გახლდათ და საღამოობით დედის გაბრაზებული ჯიჯღინის მოსმენა გიწევდა გამოწიწკნის პროცედურის პარალელურად.   ჩემი ძმის გადამკიდეს  კი  მუდმივად მიხდებოდა ზემოთაღნიშნულის მოსმენა-მოთმენა.საზიზღარი ჩვევა ჰქონდა,გაბერილ ბუშტს  სახეზე მატყეპებდა.  ხომ საოცრად  გემრიელი  იყო კევი, ათმაგად  საშინელი  ამოსაფხეკი   იყო   კანიდან. მაგრამ  განა  ეს  სათქმელად  ღირდა?  რომელი  თავმოყვარე  ბავშვი  შეიძულებდა  ამის  გამო  საოცარ  პედროს?
    ახლა საიდან მქონდა მუდმივად მეტი კევი თუ ყველაფერს თანაბრად გვინაწილებდნენ. ამისთვის არსებობდა ჭადრაკი, რომელსაც ათიდან ცხრა ხელს ვუგებდი  ყველას,  დომინო(ამას ათივეს), გასწრობანას თამაში, ველოსიპედი და ბოლოს  მათემატიკა.  დავალებას   , საბედნიეროდ, ყოველდღიურად გვაძლევდნენ.  ასე რომ,  ძმის  წილი რამდენიმე საათში ჩემს     მფლობელობაში გადმოინაცველბდა. მერე თავისსავე კევებზე ვახვეწებდი. აი ასეთი მავნე და არასოციალისტურად განწყობილ-მოაზროვნე ბავშვად  ჩამოვყალიბდი ყოვლადპატიოსან ოჯახში.  ზაფხულობით კი სურამში სონია ბებოს მუშტრები გახლდით. იმას საიდან მოჰქონდა არ ვიცი, მაგრამ რაღა ეგ და რაღა ფოთის ბონების მაღაზია, სხვანაირად რომ ჩეკებსაც ეძახდნენ.    ჰოი, ბიჭო, როგორ მიყვარდა ე.წ.ებრაელთა უბანში გასეირნება!  სონია ბებოც იმ უბანში ცხოვრობდა. მხოლოდ მას ჰქონდა ,,პედრო"და ყველაზე გემრიელი მზესუმზირა დედამიწაზე.
      მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. სკოლისთან ერთად  დამთავრდა საბჭოთა კავშირი თავის მოკრეტინო, გამოსკლეროზებული მმართველებითა და განსაკუთრებული მაღაზიებით. ცოტა ხანში ,,პედროს",,დონალდო" გამოუჩნდა კონკურენტად თანაც არანაირი ჯადოქრობა და ლაშქრობა არ გჭირდებოდა მათ შესაძენად, შეხვიდოდი კომერციულ მაღაზია ,,სპორტში"ან ,,თბილისში" ან თუნდაც ,,გიალოში", სახელები ვის ახსოვს, და რამდენსაც გინდოდა იმდენს მოგცემდნენ, თუნდაც წონით. მერე  უკვე  სხვა  ქვეყანა    იყო, შავსათვალიანი, სამხედროფორმიანი, იარაღიანი, საშიში  ტიპების ქვეყანა, მუდმივად რომ იფურთხებოდნენ  და იღეჭებოდნენ. თუმცა, ,,პედროს" ღეჭავდნენ მაინცდამაინც-მეთქი, მაგას ვერ დავიჩემებ. იქნება ვინმეს ბავშვობაში უყვარდა კიდევაც, მაგრამ მე მაშინ უკვე სტუდენტი მერქვა, სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული ვის რა უყვარდა წარსულში და ვინ რითი ერთობოდა იმის სარკვევად დიდად არც მეცალა და არც მაინტერესებდა.
     ამასწინათ მეგობრის შვილმა ,,კაპიტან გრანტის შვილები დამიბრუნა " პედროს ქარალდთან ერთად. ეტყობა სანიშნადაც ვხმარობდი. ქაღალდის სულ ერთმა ბეწო ნაჭერმა ღრმა ბავშვობაში მამოგზაურა და გამახსენა    რაც იყო და ვინც იყო და რაც წავიდა სამუდამოდ. რაც გაქრა, მაგრამ არა უკვალოდ. მოგონებებს სუნიც აქვს, ფერიც,  გემოც  და ღიმილიც... ხანდახან ცრემლიც. 
     

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

2 коммент.:

rusagonashvili@gmail.com комментирует...

მშვენიერი ბიზნესი გქონია ბავშვობაში :) გეთანხმები, მოგონებებს სუნიც აქვს, ფერიც, გემოც და ღიმილიც... ხანდახან ცრემლიც.

Анонимный комментирует...

სად იყიდება პედროს საღეჭი რეზინა თუ იცით ვინმემ მომწერეთ

Отправить комментарий